მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წითელათი დაავადებულთა რაოდენობა შემცირდა, დღის განმავლობაში ერთი-ორი შემთხვევა მაინც ფიქსირდება. ამასთან, გაიზარდა ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინირებული ადამიანების რიცხვი.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი სირანუშ ტონაკანიანი ამბობს, რომ არიან ადამიანებიც, რომლებსაც წითელა აქვთ, მაგრამ ანალიზებს არ აბარენენ.
„შემიძლია ვთქვა, რომ არის ინფექციის გავრცელების კლება, მაგრამ ის არ გამქრალა და ვრცელდება. თუ ერთ დღეს არცერთი ანალიზი ახალციხეში არ მიმაქვს, მეორე დღეს ერთი-ორი ადამიანის ანალიზი აუცილებლად მიმაქვს, ვისაც ინფიცირება უდასტურდება. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ არის ბევრი ადამიანი, ვინც ჩვენთან არ მოდის, არ აბარებს ანალიზებს, მაგრამ ავად არის“.
ის ამატებს, რომ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის მიმღებთა რიცხვი გაიზარდა, მაშინ როცა ადრე ვაქცინაციაზე თვეში მხოლოდ 2 ადამიანი მიმართავდა, ახლა 15-დან 20-მდე ადამიანი იკეთებს ვაქცინაციას.
„ძალიან აქტიურად ვაკეთებთ ვაქცინაციას, სოფლებზე საერთოდ არ ვსაუბრობ, იქ ყველა აცრილია. სიხარულით აღვნიშნავ, რომ ქალაქის მცხოვრებლებმაც აქტიურად დაიწყეს ვაქცინაცია. ეს ასევე დამოკიდებულია საზოგადოებაში შიშის გრძნობაზე. მშობლები ამბობენ, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა აცრილი ბავშვი წითელათი დაავადებული ბავშვის გვერდზე იჯდა და არ დაინფიცირდა“, – ამბობს სირანუშ ტონაკანიანი.
ბოლო დროს წითელა სამხედრო მოსამსახურეებში გავრცელდა და ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, თითქმის ყველა გამოჯანმრთელდა.
სპეციალისტი ასევე აღნიშნავს, რომ გავრცელებულ ინფექციებს შორის ყველაზე აქტიური სეზონური გრიპია. ვაქცინაცია ოქტომბერში დაიწყო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს სულ 440 აცრა ჩაუტარდა, აცრა ჩაუტარდათ რისკ ჯგუფის ადამიანებს, შემდეგ კი ყველა მსურველ მოქალაქეს.