საქართველოში სტუდენტები 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო აქციები დაიწყო, სტუდენტები ღამის გათევას უნივერსიტეტში აპირებენ, მათ თბილისისა და სხვა ქალაქების სტუდენტები შეუერთდნენ. სტუდენტური მოძრაობა არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ბათუმელ ახალგაზრდებს და მათ შეუერთდნენ.
„თსუ სტუდენტური მოძრაობა ეხმაურება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს. მხარს უჭერს მათ ბრძოლას მოპარული ხმებისთვის და არჩევნების გაყალბების პროცესში თითოეული ადამიანის მონაწილეობას გმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
თსუ-ის ცენტრალურ კორპუსთან მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. სტუდენტები უნივერსიტეტში მისვლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ ხელი შეუშალა. აქციას თან ახლდა ხმაური და შეძახილები.
საპროტესტო აქციაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი მოქალაქეები თსუ-ის მეორე კორპუსისკენ გადავიდნენ. მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილზე შეკრებილმა სამართალდამცავებმა თსუ-ის პირველ კორპუსში არ შეუშვეს. უნივერსიტეტში მიმდინარე საპროტესტო აქციას პროფესორებიც შეუერთდნენ.
ერთ-ერთი ლექტორი აღნიშნავს, რომ სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში პროტესტის გამოხატვის სრული უფლება აქვთ.
“ის, რაც დღეს აქ ხდება, სამარცხვინო და მიუღებელია”. ამასთან, პროფესორები უნივერსიტეტის რექტორს ჯაბა სამუშიას „ქართული ოცნების“ მითითებების შესრულებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ „რექტორი კობახიძის მითითებებს ასრულებს“.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები და სტუდენტებსა და პედაგოგებს შენობაში არ უშვებენ.
პარალელურად საპროტესტო ტალღა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც გაჩნდა. ახალგაზრდები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებენ, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და სოლიდარობის ნიშნად ღამის გათევას უნივერსიტეტში გეგმავენ.
ამჟამად სიტუაცია კვლავ დაძაბულია.
ბათუმის უნივერსიტეტის პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადა სტუდენტურმა მოძრაობა GIPA-მ (საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ინსტიტუტი). ისინი იმედოვნებენ, რომ „ბათუმელი სტუდენტების მამაცი და სამართლიანი პროტესტი შთააგონებს ახალგაზრდებს და ერთობლივი ძალისხმევით საქართველო დაუბრუნდება თავის ისტორიულ ევროპულ გზას“.
ფალსიფიკაცია ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებმაც გააპროტესტეს.
„ხმა მოგპარეს, შენ კი ამას შეეგუე?“, „მონობა დუმილით იწყება“ – პროტესტის ნიშნად მსგავსი პლაკატებით ქუთაისელი ახალგაზრდები გამოვიდნენ.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარს ამბობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობაც.
აღვნიშნავთ, რომ 14 ნოემბერს, დილით, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ლექციების დარბაზში იურიდიული ფაკულტეტის დეკანსა და სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.