შარლ მიშელი მიესალმება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ საქართველო არ შეეცდება უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღებას. ამის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
„საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება – „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით არმიღება – პოზიტიური ნაბიჯია. სისტემურ მიდგომაზე ფოკუსირება საჭიროა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ევროსაბჭოს გადაწყვეტილება გასულ წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, პოზიტიურ იმპულსს ქმნის რეფორმებისთვის, რათა ქვეყანა წინ წავიდეს მის ევროპულ გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, – აღნიშნულია ევროპული საბჭოს პრესრელიზში.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს, მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების“ კანონს.