საპარლამენტო არჩევნების, პერსპექტივების, საერთაშორისო რეაქციის შესახებ Jnews-ს GSAC-ის (საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი) პოლიტოლოგ-ეკონომისტი ვალერი ჩეჩელაშვილი ესაუბრა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით როგორ შეაფასებთ არსებულ სიტუაციას?
– რაც ამ წუთებში ხდება, არის ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ ღებულობს იმ შედეგებს, რომლებიც გამოცხადებულია, ან წინასწარ შედეგებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგები ჯერ არ არის. როგორც შიდა, ასევე გარე დამკვირვებლებმა დააფიქსირეს არაერთი ძალიან სერიოზული დარღვევა, მაგალითად, ფარული ხმის მიცემის უფლება, ამომრჩევლებზე ზეწოლა, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსები და ა.შ. ამიტომაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ზოგს შეიძლება მოეწონოს ეს არჩევნები, ზოგს არ მოეწონოს, მაგრამ ყველა, თუნდაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ვერ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ეს არის ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც საქართველოს ისტორიაში ჩატარებულა. დღეს უკვე 12 ნოემბერია და გარდა რამდენიმე ქვეყნისა, რომელთა უმეტესობა უბრალოდ ოდიოზურია და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ აქვს, არავინ ცნო ეს არჩევნები ჩატარებულად და არ მიულოცა „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება.
როგორ ფიქრობთ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როცა ოპოზიცია არ აღიარებს და ამბობს, რომ უკან არ დაიხევს, ხოლო „ქართული ოცნება“ არ ცდილობს მის გადარწმუნებას , როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში სიტუაცია?
– თუ „ქართულმა ოცნებამ“ როგორმე მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება, პირველ რიგში, ეს იქნება „პატარა“ პარლამენტი, არალეგიტიმური, რადგან მასში „ქართული ოცნების“ გარდა არავინ იმუშავებს. აუცილებელია მისი მოწვევა, რადგან კონსტიტუციის მიხედვით (38-ე მუხლი) საქართველოს პრეზიდენტს აქვს ამის იმპერატიული უფლება, მაგრამ თუ როგორმე მოხერხდება ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების მოტეხვა, მაშინ „ქართული ოცნება“ აუცილებლად გააღრმავებს პოლიტიკურ იზოლაციას, რომელშიც აღმოჩნდა. ამას მოჰყვება ეკონომიკური ზომები, აღმოჩნდება ეკონომიკურ იზოლაციაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის ჯგუფის მაკროეკონომიკური დახმარება და შეღავათიანი სესხები, რომელსაც საქართველო ძალიან წარმატებით იყენებს, შეწყდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის და ფინანსური საბანკო სექტორისთვის.
დასავლური უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტებიდან, როგორიცაა ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, იქ კაპიტალის უმეტესი ნაწილი ასევე ეკუთვნის იაპონიას, ანუ ის დასავლური ქვეყანაა, მიუხედავად მისი გეოგრაფიისა, ასე ვთქვათ, აღმოსავლურობისა, ეს ყველაფერი აუცილებლად გამოიწვევს ეკონომიკის ძალიან სერიოზულ კრიზისში ჩავარდნას. დაიწყება ინფლაციის განვითარება, ლარის კურსი დაეცემა, სავალუტო რეზერვები ამოიწურება და დაახლოებით ექვს თვეში „ქართულ ოცნებას“ სერიოზული ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი შეექმნება, საიდანაც კომპეტენტურ და პროფესიონალ მთავრობასაც კი გაუჭირდება გამოსვლა. ხოლო „ქართული ოცნების“ ახლანდელი და სამომავლო სახელმწიფო პროფესიონალიზმსა და კომპეტენციის მიმართა მაქვს სერიოზული კითხვა, თუ შეძლებენ მის დამტკიცებას.
შეიცვლება თუ არა მომავალში საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ, თუ მის შესახებ უკვე ჩამოყალიბებული აზრი უცვლელი დარჩება?
თუ, მაგალითად, „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე ადმინისტრაციის პირობებში ვადამდელ არჩევნებს დათანხმდება, თუ ანტიევროპულ, ანტიდასავლურ „უცხო აგენტების შესახებ“ კანონებს და ა.შ. გააუქმებს და საზოგადოების პოლარიზაციას, სიძულვილის ენას შეწყვეტს, ამ ანტიდასავლურ, ანტიევროპულ რიტორიკას შეწყვეტს, მაშინ ყველაფერია შესაძლებელი. არავინ არ დავობს, რომ „ქართული ოცნება“, ყველა მაჩვენებლით, არის ის პარტია, რომელიც ყველაზე მეტ ხმას იღებს.
როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნება“ დღევანდელ პრიობებში როგორ იქცევა? რამდენად სწორია მისი ქმედება და არის თუ არა იმის შანსი, რომ პარტიამ სტრატეგია შეცვალოს? ხედავთ რაიმე ნიშნებს, რომ აშშ-ში ტრამპის გამარჯვების შემდეგ სიტუაცია შეიცვლება და ეს გავლენას მოახდენს საქართველოს პოლიტიკურ ქცევაზე?
– „ქართული ოცნება“ არ ითვალისწინებს იმ სერიოზულ ობიექტურ რეალობას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს მიმართ ჩამოყალიბებულია აშშ-ის ორპარტიული, ძალიან ძლიერი პოზიცია. და ამ პოზიციის საფუძველი ისეთი ავტორიტეტული რესპუბლიკელი კონგრესმენებია, როგორებიც არიან ჯო უილსონი, მაიკლ მაკკოუ, მაიკ როჯერსი, მაიკ ტერნერი. სხვათა შორის, ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ ის აქ ცნობილ დემოკრატ ჯიმ შაჰინთან ერთად იყო მოსული და „ქართული ოცნების“ ლიდერებთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, სურდა შეხვედრა. მაგრამ ის არ მიიღეს, უფრო მეტიც, როცა წავიდა, უკნიდან ჭუჭყის სროლა დაიწყეს, რაღაც კორუფციულ საქმიანობებში დაადანაშაულეს. ამაში ძალიან გამოირჩეოდა ბატონი მამუკა მდინარაძე. ამიტომ, იმის მოლოდინი, რომ რესპუბლიკური ადმინისტრაციის პირობებში იქ რაღაცის შეცვლას შეძლებენ, ვფიქრობ, ეს პოლიტიკური გულუბრყვილობაა. ზოგადად, ვვარაუდობ, რომ პირიქით, რესპუბლიკური ადმინისტრაციის პოზიცია უფრო მკაცრი იქნება. მათი ოფიციალური პირების ლანძღვა, მაგალითად, ამერიკის ელჩის და ყველანაირი ეპათიური განცხადებების . რესპუბლიკური ადმინისტრაცია არ იქნება ისეთი ტოლერანტული ამის მიმართ, როგორც დემოკრატიული ადმინისტრაცია. იქიდან გამომდინარე, რომ რესპუბლიკელები, როგორც წესი, მტკიცედ თრგუნავენ ასეთ რაღაცებს. ამიტომ, ვნახოთ.
როგორ აფასებთ ოპოზიციის ქმედებებს?
როგორ? ისინიც მუშაობდნენ გარკვეულ პირობებში, ზეწოლისა და ფინანსების არარსებობის პირობებში. პარტიების მიერ ოფიციალურად მობილიზებული თანხებიდან 80% „ქართული ოცნების“ იყო. ასეთ პირობებში ძალიან რთულია რეალური სერიოზული კონკურენციის უზრუნველყოფა. მაგრამ ჩვენ გვაქვს ისეთი ოპოზიცია, როგორიც არის. ზოგს მოსწონს ის, ზოგს არ მოსწონს. მაგრამ ფაქტია, რომ ამ არათანაბარ პირობებშიც კი 4 ოპოზიციურმა პარტიამ ერთად პარლამენტის ხმების უმრავლესობა მოიპოვა, ამას „ქართული ოცნება“ არ აღიარებს. პრინციპში, მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ისინი დაჯგუფდნენ ერთიანი იურიდიული ინსტიტუტის – საქართველოს პრეზიდენტის ირგვლივ, რომელიც ძალიან კონსტრუქციულ, ძალიან კორექტულ პროევროპულ ხაზს უძღვება საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და თუ ისინი დაჯგუფდებიან პრეზიდენტის გარშემო, სამოქალაქო საზოგადოებაც იტყვის თავის სათქმელს. ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება, მადლობა ღმერთს, ძალიან მომწიფებულია. მაშინ ჩვენ ამ კრიზისიდან გამოსვლის შანსი გვექნება.