პირბადის ტარების შესახებ რეგულაცია ამ ეტაპზე იმოქმედებს მხოლოდ 15 ივლისამდე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.
შემდეგ კი გადაწყვეტილება რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან და ექსპერტების რჩევებიდან გამომდინარე მიიღება.
“ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს დასჯა, ჩვენი მიზანია პრევენცია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევაკავოთ ვირუსის გავრცელება”,- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
მისი განმარტებით, პირბადის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში – სკვერები, ღია სივრცეები, ქუჩა – დავალდებულო არ არის.
ხოლო რაც შეეხება დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარებას, ეს სავალდებულოა. “სერვისით სარგებლობის დროს, სავაჭრო ობიექტებში, ასევე საჯარო დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ტაქსით გადაადგილების დროს, აუცილებელია პირბადის ტარება. ეს არის ვირუსის გავრცელების შეკავების ერთ-ერთი ეფექტიანი მექანიზმი”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.