ხვალ, 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. წლევანდელ არჩევნებში მონაწილე დამკვირვებელი-ორგანიზაციებისა და მედიის რაოდენობა უპრეცედენტოა. არჩევნებს 102 ადგილობრივი და 76 საერთაშორისო ორგანიზაცია, ასევე 158 მედია ორგანიზაცია დააკვირდება.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად 102 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დარეგისტრირდა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აკრედიტაცია მიიღო. ყველაზე მეტი დამკვირვებელი ჰყავს შემდეგ ორგანიზაციებს:

„პოლიტიკისა და სამართლის დამკვირვებელი“ – 2654 დამკვირვებელი;
„ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ – 2492 დამკვირვებელი;
“სამართლიანი არჩევნები და საერთაშორისო დემოკრატია” – 1665 დამკვირვებელი;
„საქართველოს სწავლისა და განვითარების ინსტიტუტი“ – 1364 დამკვირვებელი;
„საქართველოს მომავლის აკადემია“ – 1232 დამკვირვებელი;
„მონიტორინგის ცენტრი – თემი“ – 1039 დამკვირვებელი;
„საზოგადოებრივი სამოქალაქო მოძრაობა – მრავალეროვნული საქართველომ“ 418 დამკვირვებლის აკრედიტაცია მიიღო;
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ – 650 დამკვირვებელი;
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნებს 977 დამკვირვებლის მეშვეობით დააკვირდება.

არჩევნებზე დასაკვირვებლად 76 საერთაშორისო ორგანიზაციაც დარეგისტრირდა.

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადმიანის უფლებათა ოფისი – დაკვირვებისთვის 683 ადამიანი დარეგისტრირდა;
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა – 75 ადამიანი;
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში – 95 დამკვირვებელი;
„ევროპის არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები“ – 119 ადამიანი.

საპარლამენტო არჩევნებს 158 მედია ორგანიზაცია აშუქებს. თბილისიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ასევე მედია, როგორიცაა «BBC», გერმანული ტელეკომპანია «ZDF», იაპონიის ეროვნული სამაუწყებლო კორპორაცია (NHK), დანიის ეროვნული ყოველდღიური გაზეთი Politiken, «ამერიკის ხმა» ქართული გამოცემა, ესპანური გამოცემა «El Pais» და სხვები.