აგვისტოში „1+4“ პროგრამის სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა გამოცხადდა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს 1-დან 6 თვემდე სტაჟირება გაიარონ სახელმწიფო დაწესებულებებში, მათ შორის ახალქალაქის მერიაში. ამ დროისთვის სტაჟირების პროგრამაზე მხოლოდ ერთი სტაჟიორია მიღებული.
აღსანიშნავია, რომ სტაჟირების პროგრამას საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან ერთად ახორციელებს.
განცხადების მიხედვით, სტაჟირების გავლა ახალქალაქის მუნიციპალიტეტშიც იყო შესაძლებელი.
Jnews-ი ახალქალაქის მერს მელქონ მაკარიანს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის განყოფილებაში ერთი სტაჟიორი ჰყავთ. კითხვაზე, შეეძლო თუ არა სტაჟირების გავლის შემდეგ სამუშაო შეთავაზების მიღება, მან გვიპასუხა, რომ ამ კითხვაზე ცალსახად ვერ გვიპასუხებს, ამას დრო გვიჩვენებს.
შეგახსენებთ, რომ სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს გააცნოს სახელმწიფო უწყებებში მუშაობის სპეციფიკა, განავითაროს მათი პროფესიული უნარ-ჩვევები და, შედეგად, ხელი შეუწყოს მათ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ კონკურსის საფუძველზე მიიღონ სტაჟირებაში მონაწილეობა.
სპეციალურად შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. წარმატებული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებას 1-დან 6 თვემდე ვადით სამთავრობო უწყებებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში წარმოდგენილ დაწესებულებებში.
ცნობისთვის, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროგრამა ქეთევან ციხელაშვილის მიერ იყო ინიცირებული 2017 წელს, რომლის მიზანი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა იყო.