2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირებული 19 პარტიიდან მხოლოდ 4-მა შეიყვანა ჯავახეთის კანდიდატი პარტიულ სიებში. ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიული კანდიდატების სიებს ეტაპობრივად აქვეყნებს. Jnews-მა ეს სიები განიხილა.
წელს პირველად, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით გაიმართება. რეგიონებიდან ხმების მიღების მსურველ პარტიებს სიებში რეგიონების წარმომადგენლები შეჰყავთ.
იმ 5 პარტიიდან, რომლებიც გარკვეულწილად მაინც არიან აქტიური ჯავახეთში, მხოლოდ 4-მა შეიყვანა ადგილობრივები სიაში. გაივლიან თუ არა ეს კანდიდატები, ამას არჩევნების შედეგები გვიჩვენებს, თუმცა რაც უფრო ახლოს არის კანდიდატის რიცხვი სიაში, მით უფრო დიდია მისი პარლამენტში მოხვედრის ალბათობა.
რომელმა პარტიამ რომელი ადგილობრივი შეიყვანა სიებში?
„კოალიცია ცვლილებისთვის — გვარამია, გირჩი, მელია, დროა“-მ სიაში 46 ნომრით მელიქ რაისიანი ჩართო
„ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობამ“ 90 ნომრით არსენ კარაპეტიანი შეიტანა
„ძლიერი საქართველო — ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ სიაში ჯავახეთიდან კანდიდატი არ ჰყავს. არც პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ზაქარ ზაქარიანი, არც სხვა ადგილობრივები პარტიულ სიებში არ იყვნენ ჩართული. ზაქარიანის თქმით, მას შესთავაზეს კანდიდატობა, მან თქვა უარი.
„გახარია საქართველოსთვის“ ნინოწმინდიდან სიებში 55 ნომრად ნარინე გინოსიანი ჩართო.
„ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ სიაში 2 კანდიდატი შეიყვანა, პარლამენტის ბოლო მოწვევის დეპუტატები. სამველ მანუკიანი 36-ე ადგილას არის, სუმბატ კიურეგიანი 68-ე ადგილზე.
დეპუტატების მანდატები 5-პროცენტიანი ბარიერის გადამლახავ პოლიტიკურ პარტიებს შორის გადანაწილდება.