დღეს ნინოწმინდის რაიონის სოფელი ყაურმის ყველა მცხოვრები შეამოწმეს, მაღალი ტემპერატურა არავის არ აღმოაჩნდა. კორონავირუსით დაავადებული 44 წლის მამაკაცის ოჯახი კარანტინშია, ხოლო 2-3 ადამიანს, ვისთანაც ავადმყოფს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა, სინჯები გაუკეთდა, რომელთა პასუხიც ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში ნინოწმინდის რაიონის სოფელი ყაურმის მცხოვრებლების ტემპერატურას ამოწმებდნენ. სოფლის უფლებამოსილი პირის ეგორ კოტოიანის თქმით, მაღალი ტემპერატურა არავის არ დაუფიქსირდა.
«დღეს ჯანდაცის დეპარტამენტიდან იყვნენ ჩამოსული, სოფლის მოსახლეობას სიცხე გაუზომეს, არავის არ ჰაქონდა მაღალი ტემპერატურა, ორ-სამს გაუკეთეს ანალიზები, ეს ის ადამიანებია, ვისაც დაავადებულთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა. სინჯები თბილისში წაიღეს, პასუხები ხვალ ან ზეგ იქნება ცნობილი»,- Jnews-თან სატელეფონო საუბარში აღნიშნა სოფელი ყაურმის უფლებამოსილმა პირმა.
Jnews-ის შეკითხვაზე, თუ რა განწყობა სუფევს სოფელში, ეგორ კოტოიანმა თქვა: «სოფელში ჯანსაღი განწყობაა, ჩვენ ყველა ჯავახური აზროვნების შესაბამისად ვცხოვრობთ, ყველაფერი მშვენივრად არის, შესანიშნავ მდგომარეობაში ვართ».
ამას წინათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ Jnews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ყაურმის მცხოვრები, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, ვირუსის გადამდები არ არის. მან ჯავახეთის მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდა.
ამირან გამყრელიძე: სოფელ ყაურმის მცხოვრები კორონავირუსის გამავრცელებელი არ არის
შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის 44 წლის მცხოვრებს, რომელიც 2 ივნისს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, კორონავირუსი აღმოაჩნდა. უკანასკნელის მდგომარეობას ექიმები დამაკმაყოფილებლად აფასებენ.
სოფელი ყაურმის მცხოვრებს COVID-19 დაუდასტურდა
აღსანიშნავია, რომ სოფელი ყაურმის მცხოვრები საკუთარ სახლში 31 მაისს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოსვლისას 14 დღის განმავლობაში საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა. ის კორონავირუსზე შეამოწმეს, მაგრამ სახლში გაუშვეს. თუმცა, 2 ივნისს, შუადღის შემდეგ 44 წლის მამაკაცი კორონავირუსზე ეჭვით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.