„საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევითი ცენტრის“ ექსპედიციის წევრებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანაში მე-19 საუკუნის სომხურ ეკლესიაში აღმოაჩინეს ქვა, რომელიც, სავარაუდოდ, 984 წლით თარიღდება, ქართული ხუთსტრიქონიანი წარწერით. ტექსტში მოხსენიებულია ბაგრატ კურაპალატი და იონე ნათლისმცემელი. მე-10 საუკუნის ქვა მდებარეობს ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში.
აგანას ეკლესია დანგრევის პირასაა, სოფლის მოსახლეობას ეკლესიის გარემონტების დიდი სურვილი აქვს. აგანას სომხურ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
„საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევითი ცენტრი“ „მესხების ისტორიული კულტურული ძეგლების აღწერის“ სამწლიან პროექტს ახოეციელებს, რომლის ფარგლებშიც თითოეული სოფლის ძეგლების რეგისტრაცია და აღწერა ხდება. რეგისტრირდება მათ შორის ის, რასაც ადგილობრივი მცხოვრებლები ეძახიან სამლოცველოებს, სალოცავ სახლებს, ახლად აშენებულ ეკლესიებს – ყველაფერს, რაც ხალხის კულტურასა და რწმენას უკავშირდება. გასულ წელს სამუშქოები ასპინძაში, ახალციხესა და ადიგენში ჩატარდა, წელს კი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, მომავალ წელს კი ბორჯომის კულტურული ძეგლების შესწავლას დაიწყებენ.
ახალქალაქში ჩატარებული კვლევისას სოფელ აგანას სომხურ ეკლესიაში აღმოაჩინეს ქვა ქართული ხუთსტრიქონიანი წარწერით, რომელიც სავარაუდოდ 984 წლით თარიღდება.
„ვაწარმოებთ ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობის სრულ აღწერას და, რა თქმა უნდა, არ გამოვყოფთ არც პერიოდს და არც კუთვნილებას. ჩვენ გვაქვს ეკლესიები, ყველა ტიპის ძეგლი, მათ შორის ახალი ძეგლები, ქვაჯვარები. ჩვენ ვამზადებთ კატალოგს. სომხური ეკლესიის სანახავად სოფელ აგანაში ჩავედით. იქ ვნახეთ ქვა წარწერით. შემდეგ ჩვენი პალეოგრაფი (პალეოგრაფი არის მეცნიერი, რომელიც სწავლობს უძველეს თუ ისტორიულ ხელნაწერებსა და თხზულებებს) ჩამოვიდა და ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობის და სოფლის წარმომადგენლის თანდასწრებით, დაიწყო წარწერის ასლის გაკეთება, ხოლო, პირველადი ინფორმაციით, რაც შემიძლია ვთქვა, წარწერა მე-10 საუკუნით თარიღდება. ზუსტად 984 წლისაა, ეს არის დათარიღებული ჩანაწერი და მოხსენიებულია ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ III კურაპალატი და იოანე ნათლისმცემელი“, – ამბობს “საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის” მკვლევარი ანა იმედაშვილი.
ის აღნიშნავს, რომ ამჟამად წარწერაზე მუშაობა მიმდინარეობს. ქვა დაზიანებულია და საკმაოდ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, სანამ წარწერას შეძლებისდაგვარად აღადგენენ.
JNEWS-ის კითხვაზე, რა მომავალი აქვს ამ ქვას, ანამ გვიპასუხა, რომ გადაწყვეტილება კულტურის სამინისტრომ უნდა მიიღოს.
„ჩვენ ვართ სამოქალაქო ორგანიზაცია და კონკრეტულ პროექტს ვახორციელებთ. ჩვენ აღვწერეთ და გავუზიარეთ ინფორმაცია, მაგრამ ვერ გადავწყვეტთ, რა ბედი ეწევა ქვას. როგორც სოფლის მცხოვრებლებმა გვითხრეს, ძალიან უნდათ ეკლესიის აღდგენა, რადგან სოფელში სხვა ეკლესია ან სალოცავი არ აქვთ. როგორც სოფლის წარმომადგენელმა თქვა, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ ეკლესიას აქვს ძეგლის სტატუსი და ყველაფერი კულტურის სამინისტროს ნებართვით უნდა განხორციელდეს. ამ ქვის ეკლესიაში დატოვება შეიძლება, თუ, რა თქმა უნდა, ის უსაფრთხოა, ან ადგილობრივ მუზეუმში გადატანა. ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს, დაადგინოს შესაბამისმა სპეციალისტებმა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიიღოს გადაწყვეტილება“, – თქვა ანა იმედაშვილმა.
აგანას სოფლის წარმომადგენელმა არშალუის გალუსტიანმა თქვა, რომ ეკლესიის აღდგენის ნებართვა უკვე მიიღეს.
„რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის აღდგენის მიზნები გვაქვს, შესაბამისი ნებართვა მივიღეთ. რაც შეეხება აღმოჩენილ ქვას, ეს ყველა ჩვენგანისთვის ახალი აღმოჩენა იყო, არ ვიცოდით, რომ ამ ნაწილში ასეთი წარწერის ქვა იყო. ეკლესია დანგრეულ მდგომარეობაშია, ყველას გვინდა, რომ ჩვენი ეკლესია ნორმალურ მდგომარეობაში ვიხილოთ“, – ამბობს არშალუის გალუსტიანი.
„საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის“ ექსპედიციის მონაწილეებმა ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების 50-მდე სოფელი გამოიკვლიეს. დაფიქსირებულია და აღწერილია 160-მდე კულტურული ძეგლი თუ ცალკეული არტეფაქტი, გარდა ამისა, დაფიქსირებულია 35-მდე წარწერა ქართულ და 20-მდე სომხურ ენაზე. მათ შორის იყო 60-მდე ეკლესია, 3 მონასტერი, 30-მდე მცირე სამლოცველო, 5 ციხე/კოშკი, 30-მდე შენობა, 2 მეჩეთი და 30-მდე ცალკე არტეფაქტი.
„კვლევის დროს ვხედავთ, რომ ეკლესიები სომხური წარწერით ძირითადად მე-19 საუკუნეშია აშენებული. შემორჩენილია ქვები როგორც ქართული, ასევე სომხური წარწერებით, რომლებიც შეტანილია ეკლესიების კედლებში. როგორც წესი, დანგრეული ეკლესიების ქვებს იყენებდნენ ახალი ეკლესიის ასაშენებლად. და ცდილობდნენ დაამონტაჟონ ისეთ ადგილას, სადაც ჩანს. აგანას ეკლესიის სამხრეთ კედლის პირველ იარუსზე კედელში ძალიან დიდი წითელი ცხვრის გამოსახულებით ქვა არის, რაც ნიშნავს, რომ ეს არის საფლავის ქვა“, – ამბობს მკვლევარი ანა იმედაშვილი.
ანა ასევე აღნიშნავს, რომ სოფელ აგანას გარდა, სოფელ ტურცხის ეკლესიის დასავლეთ კედელზე არის საინტერესო ქვა, ორი დიდი სომხური ქვაჯვარი. ეს ქვაჯვარები, როგორც ადგილობრივებმა აცნობეს, ერზრუმიდან ემიგრირებულმა სომხებმა ხსოვნისა სახით და სალოცავად ჩამოიტანეს. ქვაჯვარები ეკლესიაზე ადრეული დროით თარიღდება.