ლაურა ასლანიანი ახალქალაქიდანაა, ის მედიცინით არის დაინტერესებული და წელს სამედიცინო უნივერსიტეტში აბარებს. ის 17 წლისაა, მაგრამ ამ მიმართულებით გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწია, ახალქალაქის მცენარე შეისწავლა და მოსკოვის სეჩენოვის უნივერსიტეტში სამედიცინო კონფერენციაზე წარადგინა.
ლაურას ოჯახი, ასობით სხვა ოჯახთან ერთად, 90-იან წლებში ემიგრაციაში უკეთესი ცხოვრებისთვის მოსკოვში წავიდა.
„ბავშვობაში მინდოდა შემექმნა სიბერის სამკურნალო საშუალება, რომ ჩემი ბებია და ბაბუა არასოდეს დაბერებულიყვნენ და ამიტომაც მინდოდა, რომ მომავალში ფარმაცევტი გავმხდარიყავი. შესაბამისად, მედიცინასთან დაკავშირბეული ფიქრები უკვე მაშინაც მქონდა. თუმცა, შეგნებულად ამაზე ფიქრი მე-8 კლასში დავიწყე, როცა „როგორ გახდე ექიმი“ კურსებზე დავიწყე სიარული, მაშინ გადავწყვიტე საბოლოოდ ვინ უნდა გავმხდარიყავი“,-ასე ახასიათებს 17 წლის ლაურა თავის არჩეულ მომავალ პროფესიას.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გამხდარა მედიცინის სტუდენტი, ლაურამ უკვე დაწერა თავისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი, რომელშიც შეისწავლა ახალქალაქის ქონდარი (ცეტრონი). მისი მუშაობისთვის მან „სეჩენოვის სამედიცინო წინასაუნივერსიტეტოს“ ყოველწლიურ კონფერენციაზე პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო, რომელსაც მოსკოვის სეჩენოვის უნივერსიტეტი ატარებს.
ქონდარი (ლათ. Satureja) — მცენარეთა გვარი ლამისებრთა ოჯახიდან; ერთწლიანი მცენარეები, ნახევრადბუჩქები ან ბუჩქები. გვარის წარმომადგენლები ძირითადად ხმელთაშუა ზღვის და აზიის ქვეყნებშია გავრცელებული.
„ჩემი საპროექტო ნამუშევარი ეხებოდა მთის ქონდარს, რომელიც ამირანის გორაზე ქრომატოგრაფიულ-მასპექტრომეტრიის გამოყენებით შევაგროვე, შევისწავლე ქიმიური შემადგენლობა, ჩავატარე მიკროსკოპია, შევისწავლე ამ მცენარის ანატომიური და დიაგნოსტიკური თვისებები და ა.შ. ამ ყველაფრის შემდეგ გავაკეთე ამ მცენარის შესახებ დასკვნები”, -ყვება ლაურა.
ქრომატოგრაფია-მასპექტრომეტრია არის ანალიტიკური მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია ქრომატოგრაფისა და მასის სპექტრომეტრის შესაძლებლობების ერთობლიობაზე, გამოიყენება კომპლექსურ ნარევებში ცალკეული კომპონენტების რაოდენობრივი და ხარისხობრივი განსაზღვრისათვის.
ლაურას ამ მცენარისადმი ინტერესი გამოწვეული იყო იმით, რომ ბავშვობაში ბებია სვამდა ჩაის ქონდარით არტერიული წნევის შესამცირებლად. თავის ნაშრომში მივიდა დასკვნამდე, რომ ახალქალაქის ქონდარი ამცირებს არტერიულ წნევას, გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები და აქვს ამოსახველებელი ეფექტი.
წელს ლაურამ სეჩენოვის წინასაუნივერსიტეტო დაამთავრა და სეჩენოვის სახ. მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში “სამკურნალო საქმის” მიმართულებაზე აბარებს. მედიცინის გარდა, ლაურა დაინტერესებულია მუსიკით, ცურვით და მოსკოვში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს სომხურ სკოლაში დადის. სამომავლოდ ის კლინიკების საკუთარი ქსელის გახსნას გეგმავს.
„ფილიალი აუცილებლად იქნება ახალქალაქში. ვთვლი, რომ ვალდებული ვარ დავეხმარო თანამემამულეებს და იქ მედიცინა განვავითარო“, – ამბობს ის.