„მეგობარის“ აქტი, რომელიც ინიცირებულია აშშ-ში და ითვალისწინებს ერთის მხრივ ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და უვიზო რეჟიმის შემოღებას, თუ საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ კურსს, მეორე მხრივ, სანქციების პაკეტს, კონგრესში კენჭისყრას თვის ბოლომდე დააყენებს, ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში იტყობინება ჟურნალისტი ალექს რაფოღლუ, რომელიც ვაშინგტონში სამხრეთ კავკასიის საკითხებით არის დაკავებული.

როგორც ალექს რაფოღლუ წერს, დოკუმენტი 10 ივლისს კონფერენციაზე იქნება განხილული, ხოლო დებატები და კენჭისყრა ივლისის ბოლოს იგეგმება.

ამერიკის კონგრესის ორივე პალატაში წარმოდგენილი იყო საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებშიც სენატორებმა და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ქართველი ხალხის დასავლური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს. თუმცა, ისინი ასევე ითვალისწინებენ მმართველი გუნდის წევრებზე შეზღუდვების დაწესებას, რათა მათ პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას.

Fox News-ი იტყობინება, რომ “MEGOBARI” აქტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ქვეყნის პოლიტიკური ან სახელმწიფო ხელმღვანელობის, ბიზნეს წრეების, სამართალდამცავი ორგანოების და უსაფრთხოების სამსახურის პირების მიმართებით, რომელბიც „უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ანალოგიური კანონის პოპულარიზაციასა” და პროტესტის ჩახშობაზე არიან პასუხისმგებელი.

კანონპროექტის თანახმად, ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში სახელმწიფო მდივანმა უნდა გამოავლინოს ძირითადი პირები, რომლებიც არიან საქართველოს მთავრობის წევრები, მუშაობენ საქართველოს მთავრობის აგენტებად ან მისი სახელით, ან სხვაგვარად შეუძლიათ ამ ხელისუფლების ქმედებებზე ძლიერი გავლენის მოხდენა და „აქვთ მატერიალური პასუხისმგებლობა საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ან უსაფრთხოების შელახვის ან ზიანის მიყენებაზე“.

ამ აქტს ორი მხარე აქვს. ერთის მხრივ, ეს არის საქართველოს მხარდაჭერის, ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისა და უვიზო რეჟიმის დანერგვის ღონისძიებების პაკეტი, თუ დემოკრატიული კურსი, დასავლური კურსი გაგრძელდება. და მეორე მხრივ, ეს არის სანქციების პაკეტი. ამ სანქციების ნაწილი უკვე დაწესებულია – ეს ძირითადად კანონის ინიციატორებისთვის სავიზო შეზღუდვებია.