სოფელ ჩამდურას ხელოვნურ ნაგავსაყრელზე ძირითადად გადაყრილი კარტოფილია. ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა ნაგავსაყრელის ლიკვიდაცია.

ინფექციის წყარო, სუნი, უსიამოვნო შესახედაობა და სხვადასხვა მწერების არსებობა – ასე აღწერს სიტუაციას სოფლის ამ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობა.

2022 წლის აღწერის მონაცემებით, ჩამდურში 560 ადამიანი ცხოვრობს და ამჟამად სოფელში 11 ნაგვის ურნაა დამონტაჟებული. სოფლის მცხოვრებლების თქმით, ნაგვის ურნები საკმარისია, მაგრამ კიდევ 3-4 კონტეინერის დამატება ურიგო არ იქნება.

„სოფელში ნაგვის ურნების საკითხი მოგვარებულია. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ იშვიათად ასუფთავებენ, 4 დღეში ერთხელ ან უფრო გვიან. რა თქმა უნდა, ამ დროს არის შემთხვევები, როცა ნაგავს ნაგვის ურნასთან ყრიან“, – ამბობს ჩამდურას მცხოვრები არმენ ფილოსიანი.

ამასთან, ჩამდურას მოსახლეობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნაგვის ურნების დამონტაჟების შემდეგ სოფელი დასუფთავდა. მოსახლეობა უკვე მიხვდა, რომ ნაგვის გადაყრა ნაგვის ურნაშია საჭირო.

Jnews-მა ჩამდურაში ვიზიტის დროს დააფიქსირა, რომ სოფელში ნაგავი არ იყო მიმოფანტული, ხოლო ურნები ცარიელი იყო. ჩვენი გათვლებით სოფელში არის 11 სანაგვე ურნა, 10 დამონტაჟებულია სოფლის მთავარი ქუჩის გასწვრივ, ზოგან ერთი ნაგვის ურნა, ზოგან ორი ნაგვის ურნა და კიდევ ერთი ნაგვის ურნა სოფლის სასაფლაოს მიმდებარედ.

„რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ უფრო ხშირად მოვლენ ურნების დასაცარიელებლად და ურნების რაოდენობას გაზრდიან. მაგალითად მე, ნაგვის გადასაყრელად 200 მეტრს გავდივარ“, – ამბობს სოფლის მკვიდრი ვოლოდია კარაპეტიანი.

ჩამდურას მცხოვრებლები აღიარებენ, რომ მიუხედავად სერვის ცენტრის თანამშრომლების გაფრთხილებისა, არ გადაყარონ კარტოფილი სანაგვე ურნაში, ამას მაინც აკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ ჩამდურაში, საცხოვრებელი სახლებიდან დაახლოებით 300 მეტრში, მურჯახეთისკენ მიმავალ გზაზე, კარტოფილის ხელოვნური ნაგავსაყრელი შეიქმნა. როგორც ჩამდურას მოსახლეობა ამბობს, ამ ნაგავსაყრელზე კარტოფილს არა მარტო ისინი, არამედ სოფელ მურჯახეთის მოსახლეობაც ყრის.

Jnews-ის კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუკი მუნიციპალიტეტი სოფლის ბოლოს მდებარე ნაგავსაყრელის ლიკვიდაციას მოახდენს, იქნება ეს იმის საფუძველი, რომ სოფლის მცხოვრებლებმა კარტოფილი იქ აღარ გადაყარონ, სოფლის მცხოვრებლებმა გვიპასუხეს:

„თუ ისინი შექმნიან ალტერნატივას, ბუნებრივია, აღარ გადავყრით. ეს ნაგავსაყრელი რომ დახურონ და ამავდროულად კარტოფილის რეალიზაციის პრობლემაც მოაგვარონ, აქ ნაგავი ნამდვილად აღარ იქნება“.

არსენ ფილოსიანის სახლი ხელოვნური ნაგავსაყრელიდან სულ რაღაც 300-400 მეტრში მდებარეობს. ცხელ სეზონზე, როცა კარტოფილი გაფუჭებას იწყებს, არსენის სახლის ფანჯრები რამდენიმე თვე არ იხსნება.

„ქვემოთ მცხოვრებთ, რასაკვირველია, არც ისე აინტერესებთ ნაგვის საკითხი. არის სხვადასხვა მწერები, დაფრინავენ კოღოები, დამპალი კარტოფილის სუნი. ზაფხულში ფანჯრებს ვერ ვაღებთ, ეს არის ინფექციის წყარო. მთელი სოფელი კარტოფილს აქ ყრის, მეც ვყრი. ამაზრზენი სუნია, შეიძლება ეპიდემია გაჩნდეს, ამიტომ ყოველ წელს ვამბობ, ვიბრძვი, მაგრამ უშედეგოდ. ხომ გესმით, ჩვენი ქუჩა იწამლება“, – ამბობს არსენი.

წელს ჩამდურში თითოეულმა სახლმა 15-დან 20 ტონამდე კარტოფილი გადაყარა, თუმცა არიან მცხოვრებლები, რომლებმაც ის საკუთარი სარდაფის წინ გადაყარეს.

სოფელში აღნიშნავენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ნაგავსაყრელი გაიზარდა, რადგან მოსახლეობა ორი წელია კარტოფილის მოსავალს ვერ ყიდის.

ხელოვნურ ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო ნარჩენები ცოტაა, მაგრამ მაინც შეიმჩნევა. სოფლის მცხოვრებლების თქმით, აქ ადრე საყოფაცხოვრებო ნარჩენებსაც ყრიდნენ, ახლა კი სანაგვე ურნები დამონტაჟდა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების საკითხი მოგვარებულია.

ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორის მხითარ რსტაკიანის თქმით, რამდენიმე დღეში მუნიციპალიტეტი ახალ სანაგვე ურნებს მიიღებს, რომელთა ნაწილი სოფელ ჩამდურაში დამონტაჟდება.

„სოფელში 10-11 სანაგვე ურნაა დამონტაჟებული, რამდენიმე დღეში ახლებს ჩამოვიტანთ და დავამატებთ, რამდენს – ამჟამად ვერ გეტყვით. რაც შეეხება ნაგვის ურნების დაცლას, ჩამდურაში, ისევე როგორც სხვა სოფლებში, ნაგვის ურნებს ყოველ მეორე დღეს ვცლით“, – თქვა მან.

ხელოვნურ ნაგავსაყრელთან დაკავშირებით რასტაკიანმა შემდეგი თქვა:

„ზუსტად ვერ გეტყვით, რა უნდა გავაკეთოთ. რაღაცას მოვიფიქრებთ, როგორც ხანდოს შემთხვევაში, ამ საკითხზე განხილვები მიმდინარეობს, იმედი ვიქონიოთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული“.

ექსპერტები ამბობენ, რომ გაუყიდავი და გადაყრილი კარტოფილის ლიკვიდაციის სწორი ვარიანტია ორმოს გათხრა და დამარხვა, რომელიც წლების განმავლობაში ჰუმუსად გადაიქცევა, რომელსაც მოგვიანებით მოსახლეობა ბუნებრივი აზოტის სახით გამოიყენებს. თუმცა, ორკოების გათხრა და კარტოფილის დამარხვა მოსახლეობისგან არა მხოლოდ სამუშაოს, არამედ ფინანსურ რესურსსაც მოითხოვს, რაც სოფლის მოსახლეობას არ გააჩნია, რადგან მოსავალი არ გაიყიდა.