რა გავლენას ახდენს უცხოური დაფინანსება ახალქალაქის ჯანდაცვის სფეროზე, რას ფიქრობენ ექიმები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ამ და სხვა საკითხებზე Jnews-ს ესაუბრა რადიოლოგი აკოპ ჩახმახჩიანი, რომელიც ასევე „ქართული ოცნების“ პარტიის მხრიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია.
აკოპ ჩახმახჩიანმა თავისი დიაგნოსტიკური ცენტრისთვის მნიშვნელოვანი აღჭურვილობა ევროკავშირის გრანტით შეიძინა
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა, გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა, შესაძლოა პირდაპირ გავლენა იქონიოს ჯანდაცვის სფეროზეც, რადგან თუ უცხოური დაფინანსება შემცირდება, მაშინ საქართველოში მედიცინის განვითარებაში ინვესტიციები შეიძლება გაცილებით ნაკლები გახდეს.
ახალქალაქში ბევრი ადამიანი და ორგანიზაცია ავითარებს ბიზნესს გრანტების დახმარებით, ზოგმა შეიძინა სხვადასხვა მოწყობილობა, ზოგმა სხვადასხვა პროექტი განახორციელა, ზოგმა საკუთარი ბიზნესი დაიწყო.
აკოპ ჩახმახჩიანს აქვს კერძო დიაგნოსტიკური ცენტრი. მან თავისი ცენტრისთვის აღჭურვილობა ევროკავშირის თანადაფინანსებით შეიძინა და თუ კიდევ იქნება შესაძლებლობა შეიძინოს ის საჭირო აღჭურვილობა, რომელსაც საკუთარი სახსრებით ვერ იყიდის, რაც არ უნდა მოხდეს, აუცილებლად შეიტანს განაცხადს.
„მათთან პირველად ვთანამშრომლობდი. ძალიან მომეწონა, რომ ყველაფერი ღია და ძალიან გამჭვირვალე იყო, ყველაფერი გამჭვირვალედ წარვადგინე და აუცილებლად, თუ იქნება გრანტი, ისევ შევიტან განაცხადს“, – ამბობს აკოპ ჩახმახჩიანი.
კითხვაზე, თუ რას გრძნობს ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიმართ უცხოური დაფინანსების თვალსაზრისით, მან ასე გვიპასუხა:
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გამჭვირვალე იყოს. შეიძლება სიფრთხილე გამოვიჩინო თუკი ვინმე სადღაც იღებს დაფინანსებას და ნათლად არ აჩვენებს რისთვის არის ეს. ამ შემთხვევაში ალბათ ჩემი სახლის კარსაც ჩავკეტავ. ხოლო რაც გამჭვირვალეა, ბევრი იყოს“, – ამბობს ის.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, GIPA-სა და LAG-ის მხარდაჭერით, აკოპმა თავისი დიაგნოსტიკური ცენტრისთვის 2019 წელს წარმოებული სტომატოლოგიური აპარატურა MORITA IC5 შეიძინა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი იყო 64 997,56 ლარი, ევროკავშირის დაფინანსება – 38 998,54 ლარი, თანადაფინანსება – 25 999,02 ლარი.
„კანონი, რომელიც მიიღეს, პირდაპირ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე, როგორც ექიმი, ძალიან კმაყოფილი ვარ არასამთავრობო ორგანიზაციებით. LAG-ის პროგრამით მივიღე დაფინანსება და დამეხმარნენ შემეძინა განსაკუთრებული აღჭურვილობა ჩვენს რაიონში, რომელსაც მე თვითონ ვერ შევიძენდი. ძალიან კმაყოფილი ვარ“, – ამბობს ექიმი-რადიოლოგი.
MORITA IC5 სტომატოლოგიურ აღჭურვილობას აქვს დაბალი გამოსხივების ხარისხი და უსაფრთხოა როგორც პაციენტებისთვის, ასევე პერსონალისთვის. ის უფრო ბავშვების შესაბამისია, რადგან ძალიან მოკლე დროში ნებისმიერ სიმაღლეზე რენტგენის გადაღების საშუალებას იძლევა.
„45 სტომატოლოგი გვყავს, მაგრამ ასეთი აღჭურვილობა არ გვქონდა. ამ აპარატურის შეძენამდე ყველა პაციენტი ახალციხეში, ბორჯომში ან თბილისში მგზავრობდა. ამ მოწყობილობით ჩვენს პაციენტებს არსად წასვლა არ უწევთ. შედეგად, გაუმჯობესდა სტომატოლოგების მუშაობა და მათი მუშაობის ხარისხი“, – გვიყვება აკოპ ჩახმახჩიანი.
ექიმი ასევე აღნიშნავს, რომ ამ კანონის მიღება ფაქტიურად ბევრ პროექტს ეხება, რომელიც შესაძლოა დაიხუროს.
საინტერესო წასაკითხი:
„უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონი მიღებულია, რა არის შემდეგი ნაბიჯი?