14 მაისს, საქართველოს პარლამენტმა „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღო. კანონის მიღების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ტარდება.
პარლამენტმა კანონი მიიღო, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?
კონსტიტუციაში კონკრეტული პერიოდი არ არის მითითებული, რომლის ფარგლებშიც პარლამენტმა უნდა განიხილოს პრეზიდენტის ვეტო.
შენიშვნების უარყოფის შემთხვევაში პარლამენტარები კენჭს უყრიან თავდაპირველ კანონპროექტს. თუ ის მიიღება, პრეზიდენტის ვეტო გაუქმდება და დოკუმენტი პრეზიდენტის ხელმოსაწერად დაუბრუნდება 3 დღის ვადაში. მას დოკუმენტზე ხელმოწერისთვის 5 დღე ექნება. თუ პრეზიდენტი ამჯერადაც კანონპროექტს დადგენილ ვადაში ხელს არ მოაწერს, დოკუმენტს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი „უცხოელი აგენტების შესახებ“ საქართველოს პარლამენტში პირველად 2023 წლის გაზაფხულზე, 2 მარტს განიხილეს. პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, 76 მომხრე 13 წინააღმდეგი თანაფარდობით, რის შემდეგაც საპროტესტო ტალღამ მთელი ქვეყანა მოიცვა. უკვე 9 მარტის დილით საპარლამენტო უმრავლესობამ გამოაცხადა, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს აუქმებს.
იმავე წლის 21 ივნისს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ქართული ოცნება არ აპირებს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის დაბრუნებას. საკითხი დახურულია და არ დაბრუნდება.
თუმცა, ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის 3 აპრილს „ქართული ოცნების“ შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ წარადგენს კანონპროექტს „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმავე დღეს კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა.
17 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ „საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი 83 ხმით პირველი მოსმენით მიიღო. 1 მაისს პარლამენტმა კანონი მეორე მოსმენით მიიღო.
ხაზს ვუსვამთ, რომ ყველა საპარლამენტო მოსმენის დროს, კანონპროექტს მხარი დაუჭირეს პარტიის წევრებმა, საქართველოს პარლამენტის სომხურენოვანმა დეპუტატებმა სამველ მანუკიანმა და სუმბატ კურეგიანმა.