ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანში ასფალტირების სამუშაოები დასრულდა. ჯამში 1836 მ სიგრძისა და 5,5 მ სიგანის გზა დაიგო, რისთვისაც 1 049 164 ლარი დაიხარჯა.
ახალქალაქის მერმა და მერის მოადგილემ, ასევე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ და შეაფასეს.
„მოასფალტებული გვაქვს სოფელ გომანიდან სოფელ ოლავერდისკენ მიმავალი სოფლის შიდა გზა. ძირითადი სამუშაო დასრულებულია. ადგილზე მცირე ტექნიკური ხარვეზები დავაფიქსირეთ და მშენებელს ვთხოვეთ მათი აღმოფხვრა, უფრო სწორად, პროექტის მიხედვით, ეს არ იყო დაგეგმილი, მაგრამ ჩვენი თხოვნა მშენებელთან, იმ ნაწილში, სადაც ასფალტი მთავრდება, აეგო ხელოვნური მიწის არხები. ასფალტმა უფრო დიდხანს რომ გაძლოს, რადგან მარცხენა მხარეს ამ გზიდან ფერდობია და წყალი ზემოდან არ გადმოვიდეს, რაც გზას დაანგრევს“, – Jnews-თან ინტერვიუში თქვა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.
ხაზს გავუსვამთ, რომ გომანის შიდასასოფლო გზის მშენებლობის ჯამური ღირებულება 1 049 164 ლარს შეადგენს, რომელიც რეგიონული ფონდიდან და ახალქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
ამ გზის სამშენებლო სამუშაოებს საგზაო-სამშენებლო კომპანია „ჯავახავტოგზა“ ახორციელებდა.
შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადაა 3 წელი. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ექსპლუატაციის დროს რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია გონივრულ ვადაში აღმოფხვრას ისინი საკუთარი ხარჯებით.