სოფელ ხანდოში ხელოვნური წყალსაცავის მშენებლობა გრძელდება და უახლოეს მომავალში დასრულდება. მშენებარე წყალსაცავი 6 ჰექტარ ფართობს მოიცავს. სოფლის მოსახლეობა აღფრთოვანებულია, რომ საბოლოოდ მათი მინდვრის მორწყვის პრობლემა ბოლოს და ბოლოს მოგვარდება.
ხანდო რეგიონის ერთ-ერთი სოფელია, სადაც სოფლის მოსახლეობა კარტოფილის ფართოდ მოყვანით არის დაკავებული, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების დაშლის შემდეგ მუდმივად სარწყავი წყლის პრობლემა ჩნდება.
დღეს სოფლის მოსახლეობა იმედოვნებს, რომ წყალსაცავის აშენებით მათ უმთავრეს პრობლემას – ირიგაციის პრობლემას მოაგვარებენ.
„ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენს სოფელში წყალსაცავი შენდება, როგორც იქნა ირიგაციის პრობლემა მოგვარდება, თვითდინების წყალი გვექნება. იცით, რამდენად რთული და ძვირი ღირს მორწყვა. გარდა ამისა, ამდენი ხარჯისა და შრომის შემდეგ კარტოფილი არ იყიდება“,- თქვა სოფელ ხანდოს მცხოვრებმა სეირან აკოპიანმა.
ახალქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ წყალსაცავის მშენებლობის წინასწარი სამუშაოები შარშან დაიწყო, მაგრამ დოკუმენტაციის პრობლემის გამო გადაიდო.
„ხელოვნური ტბა თითქმის აშენებულია. ის 6 ჰექტარი ფართობის ტერიტორიას იკავებს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ის სახელმწიფოსგან იყიდა. ხანდო – რეგიონის იმ მსხვილ სოფლებს შორის არის, სადაც ხალხი მასობრივად არის დაკავებული კარტოფილის მოყვანით. წარმოიდგინეთ, რამდენად სასარგებლოა ეს სოფლისათვის? ჩვენ ჯერ კიდევ შარშან გვინდოდა აშენება, მაგრამ დოკუმენტაციის პრობლემების გამო გაჭიანურდა. წელს სარწყავი სეზონის დროს ხანდოს მოსახლეობა ამ წყალსაცავის გამოყენებას შეძლებს“,- თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა მნაცაკან ფამბუხჩიანმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს უფლებამოსილმა პირმა აშოტ საარიანმა თქვა, რომ წყალსაცავს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
„სოფლის მცხოვრები, ძირითადად, კარტოფილის მოყვანით არის დაკავებული, ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვნური ტბის არსებობა, რათა კარტოფილის მოყვანა მომგებიანი გახდეს. წელს ჩვენს სოფელში დაახლოებით 300-400 ჰა კარტოფილის მიწა არის, ხოლო საერთო სახნავი მიწა 1240 ჰა-ს შეადგენს, თუ არ ჩავთვლით საკარმიდამო მონაკვეთებს“,- ამბობს აშოტ საარიანი.
წყალსაცავის მშენებლობის სამუშაოებს შპს „ბერმუხა“ ახორციელებს. ახალქალაქის მერიამ 170 000 ლარის ოდენობით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში სამმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა: შპს „ბერმუხა“, შპს „Gold 777“ და შპს „მეგობრობა-5“. თუმცა ელექტრონული ტენდერი შპს „ბერმუხამ“ მოიგო, წყალსაცავის მშენებლობისთვის 146 998, 24 ლარი შესთავაზა. კონტრაქტის თანახმად, წყალსაცავის მშენებლობის საგარანტიო ვადა 2 წელიწადს შეადგენს.