მოძრაობა „ტავუში სამშობლოსთვის“, რომელიც აზერბაიჯანისთვის სომხეთის ცალმხრივ დათმობებს ეწინააღმდეგება, როგორც დღევანდელი დელიმიტაციის პროცესის ნაწილი, საზოგადოების უკიდურესად საპირისპირო რეაქცია და შეფასებები გამოიწვია. ზოგი მოძრაობას პრორუსულ პოზიციაში და დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს, ზოგი მიესალმება და თანახმაა. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, რომ სომხეთში 2018 წლის რევოლუციის შემდეგ ვერც ერთმა ძალამ ვერ მოახერხა ამდენი მხარდამჭერის შეკრება.
მოძრაობა „ტავუში სამშობლოსთვის“ სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ტავუშის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოსის ბაგრატ გალსტანიანის ხელმძღვანელობით მსვლელობა 4 მაისს სასაზღვრო სოფელ კირანციდან ერევნის მიმართულებით დაიწყო. 9 მაისს აქციის მონაწილეებმა ერევანში მიაღწიეს, დღერვანდელ დღემდე ყოველდღე გამოდიან ქუჩებში და თავიანთ მოთხოვნებს აჟღერებენ.
მოძრაობა ტავუშის პროვინციაში დაწყებული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის საპასუხოდ წარმოიშვა. მოძრაობის ლიდერების თქმით, ისინი არ არიან დელიმიტაციის წინააღმდეგნი, ისინი ეწინააღმდეგებიან იმ ფორმას, რომელშიც ის ხორციელდება.
„არ უნდა მოხდეს დემარკაცია, რასაც სამშვიდობო ხელშეკრულება მოჰყვება, დემარკაცია უნდა დაიწყოს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. არცერთ ცივილიზებულ ქვეყანას არ შეუძლია საზღვრების მოხაზვა ისე, როგორც მას სურს. დემარკაცია არ ხდება ომის მუქარით და შანტაჟის გზით. მაგრამ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელს ეს არ ესმის“, – სიტყვით გამოსვლისას თქვა მთავარეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა.
მოძრაობის მიმართ ბრალდებების მიუხედავად, რომ მას „მხარს უჭერს რუსეთი“ ან „ყოფილი ხელისუფლება“, ექსპერტები ალექსანდრე ისკანდარიანი და სტეპან დანიელიანი მიიჩნევენ, რომ ეს ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
„რაც ხდება, არის ტიპიური დეცენტრალიზებული პროტესტი. ის საკმაოდ დიდი ხნის წინ დამწიფდა. ვგულისხმობ იმას, რაც ტავუშში მოხდა, მას შემდეგ, რაც ტერიტორიების გადაცემასთან დაკავშირებით იდეები გაჩნდა, და ეკლესიის ზოგიერთი იერარქიის მიმართა ხელისუფლების დამოკიდებულება, რადგან ეს ურთიერთდამოკიდებულება რევოლუციის დაწყებიდან, რბილად რომ ვთქვათ, არახელსაყრელი იყო“, – ამბობს ალექსანდრე ისკანდარიანი.
მისი აზრით, პროტესტს ღრმა ფესვები აქვს, და ისინი დაკავშირებულია ქვეყნის შიგნით განხეთქილებასთან, ურთიერთსაწინააღმდეგო გაგებასთან, თუ როგორ და რა გზით უნდა იაროს სომხეთმა.
„თუ რუსეთი მხარს დაუჭერს ამ მოძრაობას, ეს ნიშნავს, რომ ის იქნება პასუხისმგებელი შემდეგ მთავრობაზე, თუ ხელისუფლება შეიცვლება. მე ვფიქრობ, რომ რუსეთი დღეს მზად არ არის შეცვალოს თავისი პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში, რადგან ეს გამოიწვევს ურთიერთობების გაუარესებას აზერბაიჯანთანაც და თურქეთთანაც, ხოლო რუსეთი ამისთვის მზად არ არის“, – კომენტარს აკეთებს სტეპან დანიელიანი.
ექსპერტის აზრით, მოძრაობა „ტავუში სამშობლოსთვის“ არ არის არც პროდასავლური და არც პრორუსული, ეს არის პროსომხური მოძრაობა, რომელიც სომხეთის სუვერენიტეტის დაცვაზეა მიმართული, და საგარეო პოლიტიკის აშენებას „სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარე შეეცდება, იმისდა მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი, დასავლეთი თუ აშშ“.
ორივე ექსპერტი ერთ აზრზეა, რომ მოძრაობა არ არის დაკავშირებული არცერთ პოლიტიკურ ძალასთან და წარმოიშვა სპონტანურად, სომხეთის პოლიტიკური სისტემის კრიზისისა და საზოგადოებისთვის მისაღები ალტერნატივების არარსებობის საპასუხოდ. მათი აზრით, არ შეიძლება ითქვას, რომ მოძრაობა არის „ეკლესიური“ და მას „სასულიერო პირები“ ხელმძღვანელობენ.
„სასულიერო არ უნდა ეწოდოს ამას. მოძრაობას მთლიანად სასულიერო პირები არ ხელმძღვანელობდნენ, მას რამდენიმე მღვდელი ხელმძღვანელობდა და საინტერესოა არა მხოლოდ ის, რომ ეს არის საეკლესიო მოღვაწე, არამედ ის, როგორი მოღვაწეა. ეს ის ხალხია, ვისაც კორუფციის, არაკეთილსინდისიერების, რაიმე სახის სქემებში მონაწილეობის შლეიფი არ აქვს. რადგან პოლიტიკური ელიტა მთლიანად დისკრედიტირებულია. თუკი ადრე სომხეთში ოპოზიცია იყო დისკრედიტირებული, ახლა დისკრედიტირებულია ოპოზიციაც და მთავრობაც. პოლიტიკურ ველზე არ არსებობს ხალხი, ვისაც შეუძლია ამ ტიპის საპროტესტო აქტივობის წარმართვა. უფრო მეტიც, პოლიტიკოსები ცდილობენ თავიანთი თავის დამალვას, რადგან საპროტესტო აქციის გამოჩენილი პოლიტიკური ლიდერის ნებისმიერი გამოჩენა მომიტინგეთა რაოდენობას შეამცირებს და არა გაზრდის. ამიტომ პოლიტიკური წრის გარეთ ვიღაც უნდა მისულიყო“, – ხაზს უსვამს ისკანდარიანი.
დანიელიანის თქმით, ინიციატივა მამა ბაგრატს ეკუთვნოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოძრაობას ბევრი შეუერთდა, „ეკლესიას სხვა გზა არ დარჩა, გარდა იმისა, რომ დაელოცა ეს მოძრაობა“.
უნდა აღინიშნოს, რომ „ტავუში სამშობლოსთვის“ მოძრაობას მხარს უჭერდა ისეთი პროამერიკული პარტია, როგორიცაა ბევერი.
„მმართველი ძალა ისე წარმოგვიდგენს სიტუაციას, რომ ყველაფერი კარგი – ევროპაა, და რასაც მმართველი ძალა აკეთებს, მაგალითად, აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემა, დათმობები და ა.შ. კარგია და, შესაბამისად – ევროპულია. და პირიქით. რამდენად სერიოზულად აღიქმება საზოგადოებაში ის, რომ ტერიტორიის დათმობა პროევროპული ქმედებაა? უცნაური იქნებოდა, ასე რომ აღექვათ. ტავუშში აშკარად სხვა კატეგორიებით მსჯელობენ. როცა სახლებს ართმევენ და აზერბაიჯანის მოსახლეობას აძლევენ, ხოლო ამ მოსახლეობამ იცის, რომ სახლები, რომლებიც შურნიხში წაართვეს, დღემდე არ არის კომპენსირებული, ისინი ამას ნეგატიურად აღიქვამენ”,- აღნიშნავს ალექსანდრე ისკანდარიანი.
„ტავუში სამშობლოსთვის“ მოძრაობამ მარშის დასაწყისში განაცხადა, რომ სომხეთში ხელისუფლების შეცვლის მიზანი არ აქვს, თუმცა მოგვიანებით მოძრაობის მიზანი შეიცვალა, პროტესტის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება მოითხოვეს. ალექსანდრ ისკანდარიანი განმარტავს, რომ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება პარლამენტში ძალების განაწილების გათვალისწინებით ფაქტობრივად შეუძლებელია.
„იმ სიტუაციაში, რომელიც ამჟამად პარლამენტში გვაქვს, დეპუტატების საკმარისი რაოდენობის შეკრება, იმისთვისაც კი, რომ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყოს, ვერ შეძლებენ, ხოლო იმისათვის, რომ ეს ჩაატარონ – ეს სრულიად არასერიოზულია. რატომ გაჩნდა ეს იდეა – რადგან ყველას ესმის, რომ პრობლემის ფესვები ხელისუფლების პოზიციაშია. ის, რაც ტავუშში ტერიტორიების გადაცემასთან დაკავშირებით ხდება, ეს ერევანის გადაწყვეტილებაა. ამან გამოიწვია იმ დისკურსის გაჩენა, რომ დამნაშავე ხელისუფლებაა და მათი მოხსნაა საჭირო”,- კომენტარს აკეთებს ის.
ამასთან დაკავშირებით სტეპან დანიელიანი აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის მოთხოვნა საზოგადოების ამ მოთხოვნის შედეგად გაჩნდა.
„ეს არის იმ ხალხის დღის წესრიგი, ვინც მოედანზე შეიკრიბა. მათ აიძულეს ამ წესრიგის შემოღება. ხოლო მათ, ვინც მოძრაობას ხელმძღვანელობს, მსგავსი წესრიგი არ ჰქონიათ”.
ის აღნიშნავს, რომ მოძრაობის ლიდერს ბაგრატ გალსტანიანს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ამიტომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის კანდიდატი ვერ იქნება.
მოძრაობის ირგვლივ არაერთგვაროვანი მოსაზრებების მიუხედავად, კრიტიკოსები და ექსპერტები აღიარებენ იმ ფაქტს, რომ 2018 წლის შემდეგ სომხეთში ეს ყველაზე მასშტაბური აქციებია.
„ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ არის ახალი ტიპის ოპოზიციის, ახალი ხალხის, ახალი რიტორიკის მოთხოვნა. ეს გამოიწვევს ქვეყანაში ხელისუფლების მიმართ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას“, – აღნიშნავს ალექსანდრე ისკანდარიანი.
„ძნელია ველოდოთ პოლიტიკურ ცვლილებებს ამ ტიპის ქმედებებისგან იმისთვის, რომ ეს პროტესტი გადაიქცეს რეალურ პოლიტიკურ პროცესად, რომელიც ორგანიზებულია ქუჩიდან ხელისუფლების შეცვლის მიზნით, ქუჩაში 50 ან თუნდაც 100 000 ადამიანი არ უნდა იდგეს. არამედ 500 000 და დადგეს არა სამი დღე, არამედ ერთი თვე ან სამი თვე. ხელისუფლების დისკრედიტაციის ეს დონე ჯერ არ მომხდარა“, – ამატებს ის.
ალექსანდრე ისკანდარიანი – პოლიტოლოგი, კავკასიის მასმედიის ინსტიტუტის პრორექტორი, კავკასიის კვლევების ცენტრის დირექტორი, “ფონდი კარნეგი საერთაშორისო მსოფლიოსთვის” ანალიტიკური ცენტრის ექსპერტი.
სტეპან დანიელიანი – პოლიტოლოგი