ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში საგზაო ინფრასტრუქტურა ზოგადად უმჯობესდება, ქალაქში და სოფლებში მეტი ასფალტირებული გზა არის, თუმცა მძღოლები უხარისხო ასფალტს უჩივიან, რომელიც სწრაფად ინგრევა. არის ადგილები, რომლებიც ყოველწლიურად რემონტდება. Jnews-მა გადაწყვიტა დაეზუსტებინა, როგორ და რა დონეზე ამოწმებენ ასფალტის ხარისხს.
მძღოლები არიან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად უჩივიან ახალქალაქში ასფალტის ხარისხს. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას მუნიციპალიტეტის ასფალტის საფარის ხარისხის გაკონტროლებას და მუნიციპალიტეტში ასფალტის საფარის ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მუშაობის კონტროლს ითხოვენ.
„ასფალტი სამი თვეც არ ძლებს, ორმოების გამო მანქანას ყოველ კვირას ვაკეთებ და სათადარიგო ნაწილებს ვცვლი. და რატომ აგებენ ასფალტს შემოდგომაზე, ზამთრის მერე ახალი ასფალტიდან აღარაფერი რჩება“,- ამბობს ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი.
ასფალტის უხარისხობას უჩივიან ჩვეულებრივი ადამიანებიც, რომლებიც მანქანით მგზავრობენ.
Jnews-მა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსს არა მოვსისიანს დაურეკა, რათა გაერკვია, ამოწმებს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება კომპანიების მუშაობას და მუნიციპალიტეტში დაგებული ასფალტის ხარისხს.
არა მოვსისიანი ამბობს, რომ ასფალტის ხარისხს ლაბორატორიულად ვერ ამოწმებენ. უბრალოდ ათვალიერებენ და თუ უხარისხო სამუშაოებს ამჩნევენ, აცნობებენ დამოუკიდებელ საექსპერტო კომპანია „ქრიზოლიტს“.
„ქრიზოლიტი ძირითადად ამოწმებს, და ბოლოს ექსპერტიზის დასკვნას გვაძლევს.ხოლო ჩვენ არაოფიციალურად ვუყურებთ, თუ რამე არ მოგვწონს, ვაფრთხილებთ მშენებლებს და „ქრიზოლიტს“. მაზუთისა და ქვიშის თანაფარდობას, ტემპერატურას ამოწმებს ქრიზოლიტი. გარდა ამისა, სხვა ორგანიზაციებიც ამოწმებენ ასფალტის ხარისხს, მაგრამ ჩვენ მათთან არაფერი გვაქვს საქმე“, – თქვა არა მოვსისიანმა.
ასფალტის ხარისხს ლაბორატორიაში ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტიც ამოწმებს. ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული წარმომადგენელი გელა კახიძე ამბობს, რომ მათთან სინჯები მოაქვთ.
„ანალიზისთვის მოაქვთ, ასფალტს ლაბორატორიულად ვამოწმებთ. სხვას ვერაფერს ვაკეთებ, თუ სადმე რამეა, ვაიძულებ დასრულდეს“, – ამბობს გელა კახიძე.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით დამოუკიდებელ საექსპერტო კომპანია „ქრიზოლიტს“ იმის გასარკვევად, თუ როგორ ამოწმებენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ასფალტის ხარისხს და რატომ ნადგურდება მუნიციპალიტეტში ასფალტის ზედაპირი სწრაფად. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა თორნიკე ახვლედიანმა გვითხრა შემდეგი.
„ასფალტის ხარისხი მოწმდება, არის სპეციალური ლაბორატორია, სადაც ამოწმებენ სტანდარტებს შეესაბამება თუ არა და ამ დასკვნების მიხედვით ვაფასებთ ხარისხს. არ ვიცი, კონკრეტულად რომელ ობიექტზეა საუბარი. მითხარით კონკრეტულად სად არის უხარისხო ასფალტი“, – თქვა თორნიკე ახვლედიანმა.
როდესაც დავასახელეთ კონკრეტული ადგილი – ახალქალაქი-კარწახის გზა, მან შემდეგი თქვა:
„თუ რაიმე მიზეზი არსებობს, ექსპერტიზას შეუძლია ამაზე პასუხი გასცეს. მაგრამ ასე სიტყვიერად, რომ ასეა, ან ასე არ არის, ვერ გიპასუხებთ. ვერავინ გიპასუხებთ, მხოლოდ თქვენ, ჟურნალისტებს, შეგიძლიათ ასეთი კითხვის დასმა. ყველგან ასფალტის საფარი ძალიან კარგია“, – ამბობს თორნიკე ახვლედიანი.
მაგრამ კითხვაზე, რატომ არ ძლებს ახალქალაქში ასფალტის საფარი, პასუხი მაინც ვერ მივიღეთ.