აღმაშენებლის 35-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლები ჩივიან, რომ შენობის სახურავი ცუდ მდგომარეობაშია და ბინებში წვიმის წყალი ჩაედინება. მოსახლეობამ მერიას მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
ძირითადად, მე-5 სართულზე განთავსებული ბინებია ცუდ მდგომარეობაში. ერთ-ერთი ბინის მეპატრონე დიდი ხნის განმავლობაში სახლში არ იმყოფებოდა, კარი რომ გააღო, ნანახმა საგონებელში ჩააგდო, თუმცა გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო.
„ეს პრობლემა მრავალი წელია არსებობს. ამ კორპუსში 2018 წელს ვიყიდე ბინა, ხოლო მანამდე სახურავი უკვე დაზიანებული იყო, წვიმების დროს ბინებში წყალი ჩაედინება. ჩემი ბინაც მეხუთე სართულზეა და წვიმის წყალი მაშინვე შემოდის ჩემს ბინაში“, – ამბობს მარინა მელიქიძე.
მოსახლეობის მიერ გარემონტებული ბინები ფუჭდება. მოსახლეობა სახლის სახურავზე ავიდა და სახურავის ღია ნაწილების ქვეშ ჭურჭელი მოათავსა, რათა ოდნავ მაინც დაიცვას ბინა წვიმის წყლისგან, მაგრამ ხანგრძლივი წვიმის დროს ჭურჭელიც კი ვერ იხსნის მათ.
ვინაიდან ქვეყანაში 10 დღე არასამუშაო დღეა გამოცხადებული, ჩვენს შემდგომ პუბლიკაციებში გაცნობებთ, აღმაშენებლის 35-ში მდებარე შენობის სახურავის შეკეთების პროექტთან დაკავშირებით არის თუ არა ოფიციალური პასუხი, როგორც კი ახალქალაქის მერიიდან შესაბამის ინფორმაციას მივიღებთ.
ფოტოები აღმაშენებლის 35-ში მდებარე კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა მოგვაწოდა.