ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე ონლაინ კითხვარი განთავსდა, რომლის შევსება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც მერიაში რაიმე მომსახურება აქვს მიღებული. აღნიშნული კითხვარი ანონიმურია. მოსახლეობას კითხვარის შევსებაში თავდაპირველად მუნიციპალიტეტის ორი სტაჟიორი დაეხმარა. ახალგაზრდების სტაჟირება და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების შეფასების სისტემის დანერგვა განხორციელდა „ახალგაზრდობაზე ორიენტირებული საჯარო სერვისების უზრუნველყოფის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP).
პირველ რიგში, 15-16 მარტს ქალაქ ახალქალაქში GIP-ამ ჩაატარა ტრენინგები ახალგაზრდებისთვის თემაზე -„ახალგაზრდების თვითმმართველობაში ჩართულობისა და სერვისების შეფასების მექანიზმები“.
ორი დღის განმავლობაში მოწვეულმა ექსპერტებმა ახალგაზრდებთან ერთად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცა:
• ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა და ცვლილებების მართვა
• მუნიციპალიტეტის კომპეტენციები და სერვისები
• აღნიშნული სერვისების პრაქტიკაში დატესტვა და შეფასება
ამ ტრენინგის შედეგად შეირჩა 4 ყველაზე აქტიური მონაწილე, რომლებმაც გაიარეს ერთთვიანი სტაჟირება. შერჩეული ახალგაზრდებიდან ორმა გაიარა სტაჟირება მერიაში და დაეხმარა მუნიციპალური სერვისების შეფასების სისტემის დანერგვასა და განხორციელებაში. დანარჩენმა ორმა კი სტაჟირება გაიარა ადგილობრივ მედიაში – ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრში და და მათ ხელი შეუწყეს ახალი შეფასების სისტემის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
„პროექტი, უშუალოდ სერვისის შეფასების მექანიზმის შემუშავების გზით, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას ეხება. მერიამ უკვე დაამატა კითხვარი საიტზე და დაავალა მედიაში დასაქმებულ სტაჟიორებს ამის გავრცელება.სამომავლოდ, სტაჟიორებს შეუძლიათ ასევე წამოიწყონ ახალი მცირე პროექტები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ახალგაზრდული სერვისების გაუმჯობესებასთან და ახლის შექმნასთან. – ამბობს პროექტის მენეჯერი, GIP-ას პოლიტიკის ანალიტიკოსი სალომე კანდელაკი.
მისი თქმით, მერიისა და მედიის სტაჟიორების თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაეცნოს კითხვარის შესახებ და შეავსოს იგი.
მერიაში გაწეული მომსახურების შეფასების კითხვარი ინტერნეტის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე 22 აპრილიდან.
კითხვარის გახსნა შესაძლებელია აქ.
კითხვარის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში მოქალაქეებს და კითხვარის შევსებაში ეხმარებოდნენ მერიის ორი სტაჟიორები _ დიანა საჰარიანი და სუსანნა სრაფიანი.
დიანა საჰარიანი სტაჟირების პროცესში
„აქ დავინახე ის სამსახური, რომელზეც საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა. საინტერესოა ის გარემოება, რომ შიგნით როდესაც ხარ, შენ თავად ხედავ იმ დიდ სამსახურს, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეულ მოქალაქესთვის. აქ არა მხოლოდ შევისწავლე თუ ზოგადად რა სტრუქტურა აქვს თითოეულ განყოფილებას, არამედ შევისწავლე ადამიანებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად კონტაქტი, ინფორმაციის მოძიება და მათთან ინფორმაციის გადმოცემა. ჩვენი, ანუ სტაჟირების ძირითადი მიზანი იყო ის, რომ გამოკვეკითხა მოსახლეობა, რომლებიც შესაფასებდნენ მერიის სამსახურს კონკრეტულ გამოკითხვის ფორმაში(1-5 ქულიან სკალზე)“, – თქვა დიანა საჰარიანმა, რომელმაც სტაჟირება გაიარა ახალქალაქის მერიის სოციალურ განყოფილებაში.
გარდა იმისა, რომ სუსანნა სრაფიანმა დიანა საჰარიანთან ერთად დაეხმარა მოსახლეობას შეფასების კითხვარის შევსებაში, არამედ ბევრი რამ ისწავლა არქიტექტურის განყოფილებაში, რაც მისი თქმით, შემდგომ მომავალში გამოადგება.
სუსანნა სრაფიანი არქიტექტურის განყოფილებაში
„ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში ძალიან კარგად და სასიამოვნოდ ჩაიარა ამ ერთმა ნაყოფიერმა თვემ. მე ვისწავლე ბევრი რამ, მაგალითად, თუ როგორ უნდა დავწეროთ წერილი, როგორ უნდა ვუპასუხოთ წერილს,და თუ როგორ უნდა შევავსოთ ნებართვის გაცემის ფორმა. კიდევ ვისწავლეთ ,თუ როგორ უნდა ვიმუშავოთ და როგორ უნდა მოვამსახუროთ მომხმარებლებს. და შესაბამისად როგორი პასუხი უნდა გავცეთ”, – ამბობს სუსანნა.
ორივე სტაჟიორი მადლობას უხდის სტაჟირების ხელმძღვანელებს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტს მერიას და მერს, რომ მათ საშუალება მისცეს შემდგომში თავისუფლად მიიღონ მონაწილეობა პროგრამებში და განავითარონ თავიანთი უნარ-ჩვევები.
ახალქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ მოხარულნი არიან, რომ ამ პროექტზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტი აირჩიეს, რადგან მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი გამჭვირვალობაა. ამ პროგრამის განხორციელება მერიაში გაამდიდრებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის მნიშვნელოვანი მოქალაქეებისთვის და ხელს შეუწყობს სამუშაო პროცესის გაუმჯობესებას.
ამ სტატიის ავტორებმა სტაჟირება ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრში გაიარეს.
არუსიაკ მელქონიან
მარიანნა ადამიან