5-დღიანი კარანტინის შემდეგ საბავშვო ბაღები ხვალ, 1 მაისიდან დაიწყებენ ბავშვების მიღებას, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ჯანმრთელია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ყველა საბავშვო ბაღი 26 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით დაიხურა. კარანტინის შემოღების მთავარი მიზეზი ჩუტყვავილასა და სეზონური მწვავე რესპირატორული ინფექციების გავრცელების აღმოფხვრა იყო.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები საერთო დაავადებების გამოსავლენად ყველა საბავშვო ბაღს ესტუმრნენ. საბავშვო ბაღებში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, რის საფუძველზეც მოხდება ბავშვების მიღება.
„ყველა საბავშვო ბაღი დასუფთავდა და დეზინფექცია ჩაუტარდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მშობლებს, არ ატარონ ავადმყოფი ბავშვები საბავშვო ბაღში, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვს არ მიიღებენ, რათა სხვა არ დაინფიცირდეს“, – თქვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა სირანუშ ტონაკანიანმა.
აღსანიშნავია, რომ ბავშვები საბავშვო ბაღში მხოლოდ 1 და 2 მაისს წავლენ. 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით არდადეგებია, 11-12 – დასვენების დღეები. 3 და 6 მაისი აღდგომის დღესასწაულზე დასვენების დღეებია, 9 მაისი ასევე დასვენების დღეა. არასამუშაო დღეებად გამოცხადდა 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი. დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა. შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით და შაბათ-კვირის გათვალისწინებით, სამუშაო დღეები 13 მაისს განახლდება.