ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ნაგვის პრობლემა მოძველებული და მრავალმხრივია. ზოგ სოფელში ნაგვის ურნები არის, მაგრამ ცოტაა, ზოგ სოფელში არის გატანის პრობლემა, ზოგში კი პრობლემას თავად ადამიანები ქმნიან, რომლებიც გარემოს აბინძურებენ.
სოფელი კუმურდო თავისი უნიკალური თვალწარმტაცი ხეობით გამოირჩევა, რომელიც გადაჰყურებს მთებს, ასევე მე-11 საუკუნის საკათედრო ტაძარს, რომელიც ყოველწლიურად იზიდავს უამრავ ტურისტს, ფოტოგრაფს და უბრალოდ სილამაზის დამფასებლებს. თუმცა „იდილიას“ აფუჭებს ნაგვის გორები, რომლებიც წარმოიქმნება როგორც ხეობის სხვადასხვა ნაწილში, ასევე მის მისადგომებზე და სოფლის შიგნით.
სოფელ კუმურდოში სანაგვე ურნების უკმარისობა არ არის. მათი ნახვა შესაძლებელია როგორც ცენტრში, ისე სოფლის თითქმის ყველა ქუჩაზე. სოფლის დეპუტატის არამაის ზაქარიანის თქმით, კუმურდოში 18-20 სანაგვე ურნაა.
„სოფლის სიდიდესთან დაკავშირებით – სოფელი დიდია – ურნა ცოტაა, მაგრამ მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად ამატებს ურნებს, ახლაც არის ტენდერი, შეძენის შემდეგ დაამატებენ. კვირაში ორჯერ გააქვთ, თუ ივსება, ვრეკავ და დამატებით მოდიან“, – თქვა მან.
ის ამატებს, რომ დაბინძურების გამომწვევი მიზეზი ადამიანები არიან, რომლებმაც წესრიგი უნდა ისწავლონ.
„სოფლის შესასვლელთან არის ნაგვის ურნა, ხოლო ნაგავს ირგვლივ ყრიან და არა შიგნით“, – ამატებს არამაის ზაქარიანი.
სოფლის მოსახლეობის მოსაზრებები ნაგვის დაგროვების მიზეზებთან დაკავშირებით განსხვავებულია. ზოგი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სანაგვე ურნების რაოდენობის გაზრდა, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ურნები რომც იყოს, ხალხი ნაგავს არასწორ ადგილას ყრის.
„ურნების რაოდენობას თუ გაზრდიან და ხეობის სიახლოვეს მოათავსონ, მაშინ ხალხი დაბლა არ დაყრის. ხოლო რადგან ურნები არ არის, ძირს ყრიან“, – აღნიშნავს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.
„სახლის მოპირდაპირედ მაქვს ნაგვის ურნა. მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები ნაგვის ურნაში კი არ ყრიან, არამედ ქუჩაში ყრიან“, – მის საწინააღმდეგოდ საუბრობს სოფლის სხვა მკვიდრი.
ხელოვნური ნაგავსაყრელების ფორმირების ადგილებში ურნების დამონტაჟების პრობლემა ის არის, რომ ამ ადგილებში გადაადგილება რთულია და სერვის ცენტრის მანქანები ვერ აღწევენ იქამდე.
ნაგვის დაგროვების მიზეზებზე საუბრისას მოსახლეობა ასევე აღნიშნავს, რომ წესრიგის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჯარიმების სისტემა, რომელიც, სამწუხაროდ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არ გამოიყენება.
„პატარა როცა ვიყავი, სოფლის საბჭოს თავმჯდომარე გვყავდა, ძალიან მკაცრი იყო. დადიოდა და ნაგავსაყრელებს ამოწმებდა, მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაყრა შეიძლებოდა. თუ დარღვევები იყო, ხალხს აჯარიმბდნენ და დარღვევები აღარ მეორდებოდა. ახლა ეს არ არის“, – ყვება სოფელ კუმურდოს მკვიდრი.
კუმურდოს მცხოვრებლები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ნაგვის გორები მათ სოფელში ჩასულ ტურისტებს აფრთხობენ.
„ტურისტები მოდიან, ხედავენ ყველაფერს, ფოტოებს იღებენ. ნაკელი გზაზეა, გაზაფხულზე ეს ლპება, ვისურსი ვრცელდება, ხოლო ტურისტები იღებენ და ევროპაში აჩვენებენ. რას იტყვიან საქართველოზე? ასეთი ნაგავსაყრელები ხეობის მადლობლად ორ-სამ ადგილას არის”, – ამბობს სოფლის მცხოვრები.
„რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა სოფლისთვის, ჩვენ გვინდა, რომ სისუფთავე იყოს. ადრე ყოველთვის დავდიოდი ხეობაში, ვჯდებოდი, ვჭამდი ან ვსვამდი, მაგრამ ახლა მეზიზღება იქ სიარული, აუტანელი სუნია“, – ამატებს სხვა მცხოვრები.
მოსახლეობის თქმით, ხელოვნურ ნაგავსაყრელებზე ყველაფერი იყრება – ყველანაირი ნაგავი, მინა, პლასტმასი, პამპერსები და მკვდარი ძაღლებიც კი. „მხოლოდ ადამიანთა ცხედრები არ არის“, – აღნიშნავს მოსახლეობა სევდიანი ირონიით.
საუბრის შედეგად სოფლის ცენტრში მსხდომი სოფლის კაცები საერთო დასკვნამდე მივიდნენ, რომ არსებობს როგორც ურნების ნაკლებობა, ასევე კულტურის ნაკლებობა.