მარტის დასაწყისში ახალქალაქში ხეები გაისხვლა და მოიჭრა, იმ პირობით, რომ უახლოეს პერიოდში ახალი მცენარეები დაირგვება. ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩაზე ხეები 2022 წელს, ცენტრის რეაბილიტაციის დროს მოიჭრა, მაგრამ ტროტუარებზე ახალი ხეების დარგვისთვის ადგილი დატოვებულია.
Jnews-თან სატელეფონო საუბარში ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორმა მხითარ რსტაკიანმა კომენტარი გააკეთა, რომ უახლოეს დღეებში მცენარეების შესაძენად წავა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მცენარე შეისყიდება და რომელი – ეს ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული.
„ხვალ – ზეგ წავალ, მათთან გავაფორმებ ხელშეკრულებას, ფასზე შევთანხმდები. 10 000 ლარი გვაქვს, ამ თანხაში უნდა ჩავეტიოთ. ვნახოთ, რომელია ყინვაგამძლე, რომელი არა. რაც უფრო იაფად დაგვთანხმდებიან, მით მეტ მცენარეს ვიყიდით. არის 400-500 ლარიანი მცენარეები”,- კომენტარი გააკეთა რსტაკიანმა.
მცენარეების დარგვა, მისი თქმით, მთავარ ქუჩაზე იგეგმება, სადაც ადრე „განახლებული მუნიციპალიტეტების“ პროგრამით მიმდინარეობდა რესტავრაცია და ტროტუარებზე მცენარეების დარგვისთვის სპეციალური ადგილებია დატოვებული.
„ცენტრში გამოვყავით 18 სპეციალური ადგილი. დანარჩენს ბაღში ან სხვაგან დავრგავთ“, – კომენტარი გააკეთა რსტაკიანმა.