1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა ჯარისკაცებმა თბილისის ცენტრში მშვიდობიანი აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით მოქალაქე უცნობი გაზით მოიწამლა. დღეს, 35 წლის შემდეგ, ახალქალაქში უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოში 9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღედ აღინიშნება. ამავე დროს, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.
ახალქალაქში 9 აპრილის მსხვერპლის ძეგლთან დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მოვიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, სხვადასხვა სამთავრობო უწყების თანამშრომლები, სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები, ახალქალაქის სომხური სამოციქულო ეკელსიის სულიერი მსახურები: სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარიატი ტერ ნშან ჰამაიაკიანი და მღვდელი ტერ ნარეკ ტიგრანიანი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები და უბრალო მოსახლეობა. ხალხი ყვავილებით, გვირგვინებითა და სანთლებით მოვიდა.
წირვა მღვდელმსახურებმა სინოდის წევრის, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) ხელმძღვანელობით აღავლინეს. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მადლობა გადაუხადა შეკრებილებს, რომ ყოველწლიურად იკრიბებიან ამ ადგილას და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს პატივს მიაგებენ.
„ჩემთვის დიდი პატივია მივიღო სამძიმარი ქართველი და სომეხი ხალხისგან. დღეს არის გლოვის დღე, მაგრამ ასევე გამარჯვების დღე, რადგან სწორედ ეს არის ქრისტიანობა და ეს არაერთხელ გვინახავს საქართველოში. საქართველოსა და სომხეთის ისტორია – ძალით და რაოდენობითაც კი აღმატებული, მტერი ვერასოდეს დაარღვევს ქრისტიანულ სულს… ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ ამ ქალაქში, სადაც ნამდვილი კონკურენცია გვაქვს, ვინ გამოთქვამს სიყვარულს თითოეულის მიმართ. უფრო მეტიც, ჩვენ ამაში ვეჯიბრებით და ეს არის საუკეთესო კონკურსი, რომელიც შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში“, – თქვა მიტროპოლიტმა.
ძეგლთან ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს.
1989 წლის 9 აპრილი საქართველოსთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ამ მომენტიდან დაიწყო ქართული საზოგადოების კონსოლიდაციის პროცესი ეროვნული დამოუკიდებლობისა და ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის იდეის ირგვლივ.
ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, ეროვნული მოძრაობის ლიდერმა ზვიად გამსახურდიამ, საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა, 1918 წლის 26 მაისში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტის საფუძველზე გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
გადაწყვეტილება მიღებული იქნა 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული ეროვნული რეფერენდუმის საფუძველზე, რომლის დროსაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის გამოცხადებას და საქართველოს სსრკ-დან გამოსვლას.