4 ივნისს, ნინოწმინდის ჰოსპიტალის ინფექციურ განყოფილებაში ქალაქის სასწრაფო დახმარებამ, სატვირთოს მძღოლი კორონავირუსზე ეჭვით გადაიყვანა. მამაკაცს სწრაფი ტესტი ნინოწმინდა – ბავრის საზღვარზე ჩაუტარდა, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა.
მამაკაცი ნინოწმინდის ინფექციურ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ნინოწმინდის ჰოსპიტალიდან შეგვატყობინეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მას ტემპერატურა არ აქვს, კორონავირუსის ტესტის ჩასატარებლად სინჯს ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან.
კლინიკის მენეჯერის, ნატო ირემაძის თქმით, პერსონალი და პაციენტები შესაბამისი დამცავი ტანსაცმლით არიან უზრუნველყოფილნი. მამაკაცი თვითიზოლაციაშია მოთავსებული და ასე იქნება იქამდე, სანამ ტესტზე პასუხი არ იქნება ცნობილი. ნინოწმინდის ჰოსპიტალს დაავადებულთა დროებით იზოლირებისთვის ცალკე გასასვლელი და ბოქსირებული განყოფილება აქვს. კორონავირუსის დამტკიცების შემთხვევაში, ავადმყოფს სპეციალურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.
ინფორმაციას ამის შესახებ რადიო “ნორი” გადმოგვცემს.