ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტები ივნისის შუა რიცხვებში იქნება მზად. შესაბამისად იმ დროისთვის გამოცხადდება ამ სამუშაოების განხორციელების ტენდერი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლის მხარდაჭერის პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო მზად არ არის. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელის მაგდა ამირშადიანის თქმით, მაქსიმუმ თვის შუა რიცხვებამდე ყველა პროექტი მზად იქნება.

“დაახლოებით 20 პროექტი მზად არის, რათა ყველა ტენდერი ერთად გამოცხადდეს დაველოდებით კიდევ. ძირითადი სამუშაოები არის გზები, განათება და წყალგაყვანილობა, სპორტული ინვენტარი”, – ამბობს მაგდა ამირშადიანი.

სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, თუმცა ინფრასტრუქტურის განყოფილებაში ამბობენ, რომ შეეცდებიან სექტემბერში დაასრულონ.

წლეულს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის სამუშაოები კონკურსით ხორციელდება, მაგრამ თუკი არავინ მიიღებს მონაწილეობას, მაშინ იძულებულნი იქნებიან პირდაპირი ხელშეკრულებები შეადგინონ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა წლეულს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაახლოებით 922 000 ლარი მიიღო.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიღებული ყველაზე ნაკლები თანხა 10 000 ლარს შეადგენდა, ხოლო ყველაზე დიდი – 20 000 ლარს. ასევე, სოფლის მცხოვრებლების რაოდენობიდან გამომდინარე მიიღებენ 12 000, ან 16 000 ლარს.

სოფლის პროგრამა – “სოფლის მხარდაჭერა” საქართველოში 2011 წლიდან დაიწყო, ორი წლის (2017,2018) შესვენებით 2019 წელს კვლავ განახლდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სოფელში ბევრი პროექტი განხორციელდა, როგორიცაა სარიტუალო სახლებისა და კლუბების რეაბილიტაცია, სასაფლაოების შემოღობა, გზების გრადაცია, ასევე სხვა პროექტები.