სოფელ ალასტანისა და კოკიოს მცხოვრებლები დაინტერესებულნი არიან, ძველი საბავშვო ბანაკის, როგორც ადგილობრივები უწოდებენ, ჩუბარეთის, რეაბილიტაცია ჩატარდება თუ არა. ბანაკი სწორედ ამ სოფლების ტერიტორიაზე იყო განთავსებული, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ბანაკის რეაბილიტაცია და ფუნქციონირება მუნიციპალიტეტის ცენტრიდან მოშორებულ ამ სოფლებს აქტიურობას მოუტანს.
სოფელ ალასტანის მცხოვრებლებმა Jnews-ის ჟურნალისტებს სთხოვეს, დაეზუსტებინათ, ჩატარდება თუ არა ყოფილი საბავშვო ბანაკის „ჩუბარეთის“ რეაბილიტაცია, რომელიც ნაკრძალის – ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. აღვნიშნავთ, რომ ეს ადგილები უნიკალურია და ჯავახეთის შიშველი მთების ფონზე გამორჩეულია, რადგან თეთრობი და ჩუბარეთი მრავალი გარეული ცხოველით დასახლებული ტყეებია, მათ შორის მტაცებლებით: დათვი, მგელი, ფოცხვერი და ა.შ.
სსრკ-ს დაშლისთანავე ჩამოინგრა საბავშვო ბანაკი, სადაც ადრე სხვადასხვა ადგილიდან ჩამოჰყავდათ ბავშვები და ამ დროისთვის მხოლოდ 4 კედელი გვახსენებს, რომ აქ ოდესღაც ხმაური და მხიარულება იყო. ალასტანის მცხოვრებლებს ჯერ არ დაუკარგავთ იმედი, რომ ეს ადგილი მათ სოფელთან ერთად გაცოცხლდება, რომელიც თანდათან ცარიელდება. იმედს ისიც ამყარებს, რომ ნაკრძალის ტერიტორიაზე ტურისტებისთვის უკვე 3 კოტეჯი აშენდა. მოსახლეობა იმედოვნებს, რომ ჩუბარეთამდე გზაც იქნება კეთილმოწყობილი.
ადგილობრივ ხელისუფლებას აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია არ ჰქონდა. თუმცა ჯავახეთის ეროვნულ პარკში გვითხრეს, რომ ეს ადგილი შესწავლილია, მაგრამ ამ დროისთვის ჩუბარეთის ძველი ბანაკის აღდგენის კონკრეტული პროგრამები არ არსებობს.
„ბანაკის ტერიტორია ნაკრძალის ნაწილია, ექსპერტები მოვიდნენ, როგორც მახსოვს შარშანწინ და შეისწავლეს, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რას ააშენებენ იქ, დასასვენებელ სახლს, სანატორიუმს თუ ბანაკს, ან როდის. მართალია, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, ჩვენ უბრალოდ იქამდე მისვლაში დავეხმარეთ, მაგრამ არ ვიცი ვინ გააკეთებს ამას, ბევრად ადრე უნდოდათ ამ ადგილას 4-სართულიანი დასასვენებელი სახლის აშენება, მაგრამ შემდეგ პროექტი რატომღაც გაყინეს“, – ამბობს ჯავახეთის ეროვნული პარკის დირექტორი თამაზ კარაპეტიანი.