სოფელ ალათუმანში ბევრი პრობლემაა, თუმცა სოფლის მოსახლეობა სოფლის შიდა გზების ცუდ მდგომარეობას უსვამს ხაზს. პრაქტიკულად სკოლამდე მიმავალი გზა თითქმის გაუვალ მდგომარეობაშია.
სოფლისკენ მიმავალი გზა მოასფალტებულია, თუმცა სოფლის შიგნით გზები გამოუვალ მდგომარეობაშია. სკოლისკენ მიმავალ გზაზე ძირითადად დიდი ორმოები ჩნდებოდა. ბავშვები სახლიდან სუფთად გადიან და სახლში ჭუჭყიანი ბრუნდებიან.
„ჩვენი სოფლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სოფლის გზების სავალალო მდგომარეობაა, ბავშვები ფიზიკურად ვერ ერიდებიან წყლით სავსე ორმოში ჩავარდნას. დიახ, მადლობელი ვართ, რომ სოფლისკენ მიმავალი გზა მოასფალტებულია, მაგრამ სოფლის შიგნით გზებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ტალახში დაბინძურების გარეშე ფეხით სიარული შეუძლებელია“, – ამბობს ალათუმანის მოსახლეობა.
სკოლის მოსწავლეების მშობლები აღნიშნავენ, რომ ზოგჯერ მათი შვილების ფეხები მთლიანად სველია. სიტუაცია რთულდება, როდესაც თოვლი იწყებს დნობას. გზის ორივე მხარეს მოყინული თოვლის მაღალი ფენაა, რომელიც ბავშვებს დიდ საფრთხეს უქმნის, შუაში კი გაუვალი გუბეებია. ბავშვები სკოლაში მიჰყავთ მშობლებს ან უფროს ძმებს და დებს, რათა გუბეები როგორმე ხელში აყვანილი გაატარონ და სკოლამდე მიიყვანონ.
სოფლის მცხოვრებლებმა აღარ იციან ვის მიმართონ, უკვე რამდენიმე წელია სოფელში არ არის წარმომადგენელი, რომლის მეშვეობითაც თავიანთ პრობლემებს ადგილობრივ ორგანოებს მაინც გადასცემენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა, არა მოვსისიანმა Jnews-ს აცნობა, რომ ამ დროისთვის ალათუმანის შიდა სოფლის გზების მოასფალტება არ არის წარმოდგენილი.