21 თებერვალს, ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო საავტომობილო გზის საწყის მონაკვეთზე, ე.წ „გოროდოკთან“ ორმოები დროებით ხრეშით გაივსო. რა თქმა უნდა, ხრეშმა არ მოაგვარა პრობლემა, მაგრამ დროებით შეავსო გზაზე არსებული უზარმაზარი ორმოები.
გზის ეს მონაკვეთი რამდენიმე წელია ცუდ მდგომარეობაშია. ახალქალაქი-კარწახის გზის ეს მონაკვეთი კომპანია „არალის“ უნდა გაერემონტებინა, თუმცა კომპანია ყოველთვის მიზეზს ეძებს, და გზის კეთილმოწყობა გადაიდო.
Jnews-ს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, პავლე გამყრელიძესთან, სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის გამო კომპანია „არალი“ ორჯერ დაჯარიმდა და ამ მონაკვეთის ცივი ასფალტით დროებით დაგებაზე უნდა დაუკავშირდნენ კომპანია „ჯავახავტოგზას“.
2023 წლის დასაწყისიდან გზის ეს მონაკვეთი გაუვალ მდგომარეობაშია, ყოველ ჯერზე ასფალტირებას ჰპირდებიან, მაგრამ დაპირებას არავინ ასრულებს. მძღოლები შეძლებისდაგვარად ერიდებიან ამ გზას, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის ეს გზა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. საერთაშორისო მნიშვნელობის ამ გზაზე სატრანზიტო სატვირთო მანქანებიც გადაადგილდებიან. საავტომობილო გზების დეპარტამენტი პირობას დებს, რომ ამინდის გაუმჯობესებისთანავე გზა მოასფალტდება.