უკვე ერთი წელია ჯავახეთის რძის მწარმოებლები დაბალ ფასს უჩივიან და ამტკიცებენ, რომ ყველის მწარმოებლები წარმოებაში რძის ფხვნილს იყენებენ, ამიტომ ნატურალურის მოთხოვნა ნაკლებია. Jnews-მა  ამის შესახებ არაერთხელ დაწერა და ამის გასარკვევად სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, თუ ჩატარებულა თუ არა შემოწმება და რა გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს Jnews-ის მოთხოვნის პასუხის მიხედვით, 2023 წელს ჯავახეთში (ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში) ყველის წარმოების სექტორის 8 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა წარმოების სტანდარტებთან კრიტიკული შეუსრულებლობისთვის, ხოლო 1 ოპერატორთან დადგინდა, რომ წარმოებული ყველი შეიცავს მცენარეული ცხიმები, რაც კანონით აკრძალულია.

მთლიანობაში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში 2023 წელს ყველისა და რძის წარმოების სფეროში ინსპექტირება 59 ბიზნესოპერატორს შორის ჩატარდა. აღნიშნული შემოწმების შედეგად 8 ობიექტს „კრიტიკული შეუსაბამობა წარმოების სტანდარტებთან“ აღმოაჩნდა.

„კერძოდ, გამოვლინდა ტექნოლოგიური პროცესის ნაკადის და ტემპერატურული პირობების დარღვევა, არასათანადო გაწმენდა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია, დაჟანგული ინვენტარი. ამ ბიზნეს ოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და საკვები პროდუქტების უვნებლობის, ვეტერინარული და მცენარეთა დაცვის კოდექსის მიხედვით დაჯარიმდნენ“, – ნათქვამია ჩვენი მოთხოვნის პასუხში.

ხოლო კონკრეტულად ჯავახეთში წარმოებულ ყველში გამოყენებული ნედლეულის სისუფთავის დასადგენად, 2023 წლის მონიტორინგის ფარგლებში, სინჯები 17 ქარხნიდან აიღეს.

„აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად ერთ ნიმუშში გამოვლინდა 1 დარღვევა, კერძოდ, ყველის დასამზადებლად განკუთვნილი პასტერიზებული რძე, გარდა რძის ცხიმისა, შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის მცენარეულ ცხიმებს (10%). ”, – წერია პასუხში.

უნდა აღნიშნოს, რომ აღნიშნულ შემთხვევაზე Jnews-მა გასული 2023 წლის ნოემბერში დაწერა. მაშინ სხვა შემთხვევებთან ერთად, გაირკვა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკაში კერძო მეწარმის მიერ წარმოებული იმერული ჯიშის ყველი „მელანია“, რძის ცხიმის გარდა, სხვა ცხიმოვან ნარევებსაც შეიცავს, მათ შორის მცენარეულ ცხიმს.

საქართველოში 2017 წლის 1 ივლისიდან ტექნიკურ რეგლამენტში „რძისა და რძის პროდუქტების შესახებ“ ცვლილებები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც „ყველი“ ეხება მხოლოდ იმ პროდუქტებს, რომელთა წარმოებაში გამოიყენება ნატურალური რძე. აკრძალულია რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტების ეტიკეტზე სიტყვა „ყველის“ განთავსება.