დღევანდელი დღიდან, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ყველა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზია ახალქალაქშიც გაიხსნა, ასევე ფუნქციონირებს ტანსაცმლის ბაზრობა. ახალქალაქში გამყიდველები აღშფოთებულნი არიან, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ შესაძლებელია მაღაზიები კვლავ დაიკეტოს, თუმცა ხელისუფლებას მსგავსი გეგმეგი არ აქვს.
გამყიდველების თქმით, რადგან ორი თვის განმავლობაში მაღაზიები დაკეტილი იყო, მათ აქტიური ვაჭრობის იმედი ჰქონდათ, თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა.
«დილიდან ჯერ არაფერი გამიყიდია, მყიდველები არ არიან»,- ამბობს მაღაზიის გამყიდველი (შუადღისით).
მაღაზიებმა და სავაჭრო ცენტრებმა გარკვეული წესები უნდა დაიცვან. კერძოდ, სავაჭრო ობიექტებში შესვლამდე მყიდველმა თერმოსქრინინგი უნდა გაიაროს. სხეულის ტემპერატურა 36,9 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. მაღაზიების მომხმარებლებმა ინდივიდუალური დაცვის ხსნარები უნდა იქონიონ და ვალდებულნი არიან პირბადეები ატარონ. მოქალაქეებმა ასევე სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან.
ახალქალაქში მაღაზიების მფლობელები ან ვაჭრები ყველა მომხმარებელს მაღაზიაში შესვლამდე პირბადის გაკეთებას სთხოვენ, თუმცა მყიდველები ყოველთვის არ ითვალისწინებენ თხოვნას. თერმოსქრინინგი, ჩვენი დაკვირვებით, სავაჭრო ცენტრებში არ ტარდება.
მაღაზიების გამყიდველები საგონებელში არიან, ჩამოიტანონ თუ არა ახალი, საზაფხულო საქონელი. საგაზაფხულო ტანსაცმელი, რომელიც მარტში ჩამოიტანეს, მყიდველის გარეშე დარჩა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მაღაზიების ხელმეორედ დაკეტვას არ გეგმავს.
შესაძლოა, აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე ხელმეორედ გადასვლის საფუძველზე გაჩნდა.
«დიახ, ჩვენ კვლავ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავდივართ, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი მოგვარებულია და უსაფრთხოების მიზნით კეთდება. თუმცა გარწმუნებთ, რომ ამ ფაქტს მაღაზიების მუშაობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ვაჭრობა მთლიანად განახლდა და არავითარი ხელმეორე შეზღუდვები გათვალისწინებული არ არის»,- Jnews-თან საუბრისას თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა იურიკ უნანიანმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 19 მარტს საქართველოში ყველა სავაჭრო ცენტრი დაიკეტა. დღეს მაღაზიებთან და მოლებთან ერთად მუშაობა ღია სივრცის მქონე კვების ობიექტებმაც (ტერასა/ ვერანდა/ ღია რესტორნები) განაახლეს.