ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა ქალაქის ცენტრში, ქალაქის ცენტრალურ პარკთან და მინი-სტადიონთან მდებარე შენობის რეაბილიტაციისთვის სახსრები გამოყო.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა „პარკთან შენობის რეაბილიტაციისთვის“ 300 000 ლარი გამოყო.

„ეს შენობა მინი-სტადიონის გვერდით, პარკის წინ დანგრეულ მდგომარეობაშია. ადრე სპორტული დარბაზი იყო. გვინდა გავარემონტოთ, რომ თავიდან გავხსნათ სპორტით დაკავების ადგილი, სპორტული დარბაზი, თუ შევძლებთ“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის ხელმძღვანელი მნაცაკან ფამბუხჩიანი.

ადრე ეს შენობა, ისევე როგორც ყოფილი უნივერსიტეტის შენობა, რომელსაც ადგილობრივები „ქეიანს“ უწოდებდნენ, 9-წლიანი რუსული სკოლის ფუნქციას ასრულებდა. სკოლის დახურვისა და შემდგომი შენობების გაყიდვის შემდეგ, სპორტული დარბაზი არ გაიყიდა და მას შემდეგ ცარიელია. ამჟამად დანგრეული შენობის წინ არის მინი-სტადიონი და ქალაქის საზოგადოებრივი ტუალეტი.