ახალქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი ახალი პარკების მშენებლობას ითვალისწინებს. Jnews-ი დაინტერესდა, რა პარკები აშენდება და სად.
ახალქალაქში 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს. საბოლოო ვერსია ჯერ არ არის მიღებული, საკრებულომ ბიუჯეტი მერიას დასამუშავებლად დაუბრუნა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მომავალ წელს ქალაქში 3 ახალი პარკი გაჩნდება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა, მნაცაკან ფამბუხჩიანმა გვითხრა, როგორი იქნება ეს პარკები და სად განთავსდება.
1. პარკი მ.სარქისიანის ქუჩაზე, გუსან ავასის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია გამწვანება და ატრაქციონების მოწყობა. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში ამისთვის 8000 ლარია გათვალისწინებული.
2. პარკი №3 საბავშვო ბაღის მიმდებარედ, საბავშვო ბაღის შენობის უკან დაგეგმილია საქვაბე შენობის დანგრევა და მის ადგილას სათამაშო მოედნით პარკის აშენება, შესაძლოა ტრენაჟორებით. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში ამისთვის 150 000 ლარია გათვალისწინებული.
3. პარკი ყოფილ №15 სამხედრო ქალაქში, იგეგმება წელს აშენებული აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული პარკის მსგავსი მასშტაბური პარკის მშენებლობა, მინისტადიონთან, ტრენაჟორებთან და ა.შ. ერთად. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში ამისთვის 300 000 ლარია გამოყოფილი.
ფამბუხჩიანის თქმით, ისინი იმედოვნებენ, რომ 2024 წელს პარკების მშენებლობის დასრულებას მოახერხებენ.
„იმედი გვაქვს, რომ მოვასწრებთ. 300 000 ლარის, არ ვიცი, თუ ვერ მოასწრებენ, მომავალ წელს გადავდებთ, მაგრამ პატარა პარკებს, დიდი ალბათობით, მოვასწრებთ“, – კომენტარი გააკეთა მან.