“ვარდისფერი ოქტომბერის” ფარგლებში, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება, თბილისის საკრებულოს ინიციატივითა და “თბილისის სომეხთა კავშირი” საზოგადოებრივი ორგანოზაციის მონაწილეობით ტარდება საინფორმაციო კამპანია, რომელიც სომხურენოვანი საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებაზეა მიმართული.
კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები ურიგდება როგორც ქართულ, ასევე სომხურ ენებზე.
Jnews-თან საუბარში თბილისის საკრებულოს წევრმა თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა:
„ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან ერთად ვატარებთ კამპანიას „შენი ცხოვრება შენს ხელებშია“, რომელიც გულისხმობს ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას. სომხურენოვან საზოგადოებას კიბოს სკრინინგის შესახებ ბუკლეტებს ვურიგებთ, რათა საქართველოს ყველა მოქალაქე იყოს ინფორმირებული და შეძლოს ისარგებლოს უფასო სკრინინგით“.
კიბოს სკრინინგის პროგრამა უფასოა საქართველოს მოქალაქეების შემდეგი ასაკობრივი ჯგუფებისთვის.
40-დან 70 წლამდე: ძუძუს კიბოს სკრინინგი
25-დან 60 წლამდე: საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი
50-დან 70 წლამდე: მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი
25-დან 70 წლამდე: ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობა (მხოლოდ თბილისში რეგისტრირებული პირებისთვის, მათ შორის თბილისში რეგისტრირებული დევნილებისთვის).
ეროვნული სკრიმინგ ცენტრის მისამართი:
საბურთალო: მერაბ ალექსიძის ქუჩა №1
დიდუბე, აკაკი წერეთლის გამზირი № 69, ვარკეთილი
კალუბანის ქუჩა № 12
გლდანი: გლდანი IV მ/რ. 113 ა
ყველასთვის მადლობის გადახდით, ვინც ინიციატივას დაუჭირა მხარი, ორგანიზაცია “საქართველოს სომეხთა კავშირის” დამფუძნებელმა მარი არაქელოვამ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა: „ვარდისფერი ოქტომბერი ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება, რომლის ფარგლებშიც უფასოდ ვთარგმნეთ საინფორმაციო მასალები სომხურად და საინფორმაციო კამპანია საკრებულოს წევრებთან ერთად მოვაწყეთ. ასევე დიდი მადლობა ახალგაზრდა მოხალისეებს მხარდაჭერისთვის.”