ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ახალი საშტატო განრიგი დაამტკიცეს, რომლის თანახმადაც სოფლებში მერის წარმომადგენლებს და სპეციალისტებს უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მიიღებენ სამსახურში.
ამ მუშაკებს სამსახურში ხელშეკრულებით უშუალოდ მერი მიიღებს. ხელშეკრულება შეიძლება შედგეს ორ თვიანი ვადით ან მეტი, თუმცა არაუგვიანეს მერის უფლებამოსილების ვადის დასრულებისა. თანამშრომლის მუშაობით უკმაყოფილობის არსებობის შემთხვევაში მერს უფლება აქვს ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტოს. მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობისათვის აუცილებელია უმაღლესი განათლების ქონა, მაგრამ სპეციალისტებისათვის ეს სასურველია. მერის თანამდებობის დატოვების შემთხვევაში ყველა წარმომადგენელი და სპეციალისტი მოვალეობის შემსრულებელი ხდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მუშაობაზე 66 შტატი გადადის, რომელთაგან 23 შტატი სოფლებში მერის წარმომადგენლები არიან, 43- სპეციალისტი. ამჟამად ამ შტატებიდან ვაკანტურია სამი მერის წარმომადგენლის საშტატე ადგილი სოფელ აზავრეთში, დილისკასა და კარტიკამში, და სპეციალისტის ორი საშტატე ადგილი სოფელ კუმურდოსა და ლომატურცხში.