28-29 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო ტურისტულ ფორუმს და World Travel Awards-ის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიას უმასპინძლებს.
ღონისძიების ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ შესაბამის უწყებებს კონკრეტული დავალებები მისცა.
როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ამ პრესტიჟულ ღონისძიებას ღირსეულად უმასპინძლონ.
„როგორც მოგეხსენებათ, ტურიზმის „ოსკარი“ ბათუმმა პირველად 2019 წელს აიღო. გასულ წელს კი, World Travel Awards-ის ევროპის ჯილდოს მოპოვების შემდეგ ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“ უკვე როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა, რის შედეგადაც ბათუმს პატივი ერგო, ამ ქალაქში გამართულიყო ტურიზმის ოსკარის გალა დაჯილდოება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ პრესტიჟულ ღონისძიებას ღირსეულად ვუმასპინძლოთ“,-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ ღონისძიებას, World Travel Awards-ს საქართველო წელს პირველად უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში ბათუმს 20-ზე მეტი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის უწყებების 300-ზე მეტი წარმომადგენელი ესტუმრება. World Travel Awards-ის გალა ცერემონიას ბათუმში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები დაესწრებიან. მათ შორის იქნებიან Euronews-ი, Wanderlust-ი, Emerging Europe-ი და EarthPix-ი.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 29 სექტემბერს, ბათუმში ცნობილი გახდება, რომელი ქვეყნები, ქალაქები და კომპანიები დასახელდებიან ევროპის წამყვან ტურისტულ მიმართულებებად თუ კომპანიებად და რომელი მათგანი აიღებს World Travel Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოს. World Travel Awards-ის ნომინაციებში წელს ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბულვარიც იქნება წარდგენილი. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მადრიდის, ედინბურგის, ბერლინისა და სხვა ცნობილი ევროპული ქვეყნების ბოტანიკურ ბაღებს გაუწევს კონკურენციას.
World Travel Awards-ის ევროპის დაჯილდოების გალა ცერემონიასთან ერთად, ბათუმში გაიმართება საერთაშორისო ტურიზმის ფორუმი. ის დაჯილდოების ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, 28 სექტემბერს ჩატარდება.