გასულ კვირაში, ლარის მცირედი გაუფასურება დაფიქსირდა. ამასთან, კვირის ბოლოს დინამიკა შეიცვალა და ლარმა გამყარება დაიწყო, – ამის შესახებ TBC კაპიტალის ყოველკვირეული განახლებაში ვკითხულობთ.
ამავე პუბლიკაციაში საუბარია, რომ სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის მიწოდების გარდა, ინტერვენციების საჯარო აუქციონის გზით ჩატარებას, ნეგატიური სენტიმენტების ერთგვარი საპირწონის დატვირთვაც ჰქონდა. მაშინ როდესაც, ტრადიციულად, სენტიმენტები ლარის კურსზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს, სავალუტო შემოდინებები ძლიერი რჩება და ეს აშშ დოლარის ჭარბი მიწოდების გაგრძელების არგუმენტია.
მნიშვნელოვანია, რომ გასულ ერთ წელიწადში ან მცირედით მეტ პერიოდში სებ-მა თითქმის 2 მილიარდი აშშ დოლარი შეისყიდა. სიმარტივისათვის, ეს ოდენობა შეგვიძლია ჭარბ მიწოდებად ჩავთვალოთ. ამდენად, ლარის კურსზე ნეგატიური ზეგავლენისათვის, სამომავლოდ ამ მხრივ მკვეთრი ცვლილებაა საჭირო, რაც ჩვენ მიერ საბაზო სცენარად არ განიხილება. ამასთან, საყურადღებოა, რომ ლარის მიმდინარე საშუალო გაცვლითი კურსი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოსაა.
აღნიშნული არა იმდენად გასულ კვირაში ლარის მცირედი გაუფასურების, რამდენადაც აგვისტოში, საქართველოს ძირითად სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებში მოსალოდნელზე საშუალოდ უფრო მაღალი ინფლაციის შედეგია. შესაბამისად, ლარის საშუალო კურსიდან გამომდინარე, ჩვენს ადრინდელ, გარკვეულწილად მაგრამ მაინც პესიმისტურ, მოლოდინს უფრო ნეიტრალურისაკენ ვცვლით.
უფრო მეტიც, ნავთობის საერთაშორისო ფასების ბოლოდროინდელი გაძვირება, რუსეთის მიერ ნავთობპროდუქტების ექსპორტის შეზღუდვასთან ერთად, ინფლაციაზე ზეგავლენიდან გამომდინარე, ლარისათვის ახლო მომავალში შედარებით პოზიტიური ფაქტორია. ჩვენი აზრით, არა იმ მასშტაბით, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ციკლი არსებითად შეიცვალოს, არამედ უფრო იმ კუთხით, რომ ინფლაცია სამიზნეს მოსალოდნელზე უფრო მალე დაუბრუნდება. ეს კი, თავის მხრივ, ლარის დამატებით გაუფასურების საწინააღმდეგო არგუმენტია.
მთლიანობაში, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ დღევანდელი გადასახედიდან, მომდევნო დაახლოებით 12 თვეში ჩვენი ადრინდელი, მცირედით, მაგრამ მაინც გაუფასურების საბაზო სცენარი, უფრო ნეიტრალურისაკენ იცვლება.