თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიური ბუმის ფეხდაფეხ, საყოფაცხოვრებო ნივთების გულდასმით შერჩევა კიდევ უფრო გაამარტივა ონლაინ შოპინგის შესაძლებლობამ. დღეს ინტერნეტ მაღაზიები სავსეა სხვადასხვა ტექნიკითა და გაჯეტებით, მხოლოდ თითის ერთი დაჭერით შეიძლება სასურველი ნივთის მიღება.
ჯერ კიდევ უძველეს დროში არ არსებობდა გაზქურა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მაცივარი და ტელევიზორიც კი. ადამიანი კი როგორღაც ახერხებდა, რომ ყოველდღიურობა ამ ნივთების გარეშე გაეტარებინა. თუმცა, დღეს წარმოუდგენელია ცხოვრობდე სახლში, რომელიც ცარიელია საყოფაცხოვრებო ნივთებისაგან.
ამ სტატიაში ერთად განვიხილავთ, ტექნოლოგიური აღმასვლის კვალდაკვალ, როგორ შეიქმნა ამა თუ იმ საყოფაცხოვრებო ნივთის ისტორია და რატომ დასჭირდა ადამიანს მათი ყოველდღიურობაში შემოტანა.
ტექნოლოგიური განვითარების ისტორია მოიცავს პროგრესს, რომელიც ადამიანის მიერ წარმოებულმა ტექნოლოგიებმა განიცადეს სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ინდუსტრიისა და ყოველდღიურობის გაუმჯობესებისა და გამარტივების მხრივ.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ტერმინმა “ტექნოლოგია” გაფართოება დაიწყო. იგი აღარ მოიცავდა მხოლოდ ხელსაწყოებისა და მანქანების იდეებს, არამედ, შუა საუკუნიდან ეს ტერმინი განიმარტა, როგორც “ხერხი, საშუალება ან ქმედება, რომელიც ცვლის ან მანიპულირებს ადამიანის გარემოზე.”
ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ განვითარების უმაღლეს საფეხურზე ვიმყოფებით და ხელთ გვაქვს ის იარაღები, რომლებიც არამხოლოდ გარემოს, არამედ, სრულიად მთელ სიცოცხლეს გვიცვლიან და გვიკმაყოფილებენ მოთხოვნილებებს.
დღეს უკვე ჩვენი სახლი წარმოუდგენელია ტელევიზორის, მაცივრის ან სულაც გაზქურის გარეშე. ახლა კი, ვისაუბროთ იმ ნივთებზე, რომლებსაც ყოველდღიურ პრაქტიკაში უამრავი ადამიანი იყენებს.
დღეს ჭურჭლის სარეცხი მანქანა ტექნოლოგიური რევოლუციის ყველაზე პრაქტიკულ ნივთად ითვლება. ცოტამ თუ იცის, რომ მისი შემქმნელის მიზანი არა ზარმაცი ადამიანების წახალისება, არამედ, ყოველდღიური რუტინული სამუშაოების შემსუბუქება იყო.
პირველი ჭურჭლის სარეცხი მანქანა თითქმის 170 წლის წინ, 1850 წელს, ჯოელ ჰიუტონის მიერ შეიქმნა. ამ ძველებურ მანქანას ძალიან ბევრი ნიუანსი აკლდა იმისათვის, რომ ყველასათვის პრაქტიკული და გამოსადეგი ყოფილიყო. ხის ყუთში მოთავსებული ჭურჭელი ხელის მექანიკური მოძრაობით მარაგდებოდა სითხით. ამასთანავე, მანქანის შიგნით მოთავსებული უხეში სახეხი მარტივად აზიანებდა ჭურჭლის საფარს და ცვეთდა ისეთ საყოფაცხოვრებო ნივთებს, როგორებიცაა: თეფში, ჭიქა, ჯამი და სხვა.
სინამდვილეში, ადამაიანი, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ თანამედროვე ჭურჭლის სარეცხი მანქანის შექმნას – ჯოზეფინა ქოქრეინია. იგი პირველია, ვინც პირველ ჭურჭლის სარეცხ მანქანას სახეხი მოაშორა და სანაცვლოდ, წყლის ჭავლის ავტომატური სისტემა მოათავსა ყუთში. პარალელურად, შექმნა ბევრად უფრო მოსახერხებელი სათავსო, რომელშიც ჭიქები, თეფშები და დანა-ჩანგალი ერთდროულად ეტეოდა.
პირველი და თანამედროვე სისტემაზე შექმნილი ჭურჭლის სარეცხი მანქანა 1858 წელს გამოჩნდა ტექნოლოგიურ ასპარეზზე. ქოქრეინების ოჯახი ხშირად მასპინძლობდა ელიტურ ვახშმებსა თუ წვეულებებს. ჯოზეფინა სტუმრებს ყველაზე ძვირადღირებული ფაიფურით ხვდებოდა და საკვებსაც სწორედ საუცხოო სერვირებას უკეთებდა. დიდი წვეულების შემდეგ, მოსამსახურეები აურაცხელი რაოდენობის ჭურჭელს ხელით რეცხავდნენ და ხშირად, სწორედ მექანიკური რეცხვისგან ცვდებოდა და ზიანდებოდა ძვირადღირებული ჭურჭელი.
ბევრი გატეხილი თეფშისა თუ ჭიქის შემდგომ, ჯოზეფინმა თავად გადაწყვიტა ჭურჭლის რეცხვა. სწორედ ასე დაიბადა იდეა, შეექმნა ისეთი ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომელიც სახეხის ნაცვლად ქაფიანი წყლის ჭავლით, უსაფრთხოდ მოაცილებდა ჭუჭყს თეფშებიდან. შედეგად, წლების შემდეგ, მივიღეთ რეცხვის სწრაფი და უსაფრთხო მექანიზმი.
დღესდღეობით, მსოფლიო მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ზაფხულში ცხოვრება ვერ წარმოუდგენია სახლისა და საკვების გაგრილების სისტემის გარეშე.
მე-19 საუკუნეში ფერმერებმა და სოფლების მაცხოვრებლებმა დატოვეს თავიანთი საცხოვრებელი ადგილები და დასახლდნენ ქალაქებში, რაც ნიშნავდა იმას, რომ ადამიანი მოწყდა საკვების წარმოების თავდაპირველ წყაროსა თუ შესაძლებლობებს და გადავიდა უფრო შორს. იმისათვის, რომ ადამიანს ჰქონოდა ჯანსაღი საკვები საკმაოდ დიდი გზის გავლა უწევდათ, მაგრამ საჭმელი მალევე უფუჭდებოდათ, რადგან ვერ ახერხებდნენ პროდუქტისათვის აუცილებელი შენახვის პირობების დაცვას. ნედლი პროდუქტებისა და ახალგამზადებული საკვების საკუთარ სახლში შენახვის სურვილმა კი წინ წამოწია მაცივრის შექმნის წინაპირობა.
გამაგრილებელი სისტემის შექმნა კი გაამარტივებდა რძის პროდუქტებისა და ხორცის შენახვას, ან უკვე გამზადებულ საკვებს გაუხანგრძლივებდა მოხმარების ვადას. ხოლო, ბუნებრივად გრილ ადგილებს მოშორებული ადამიანი შუაგულ ქალაქში უფრო მეტ სიცხესა და სიმხურვალეს ეზიარა.
პირველი მაცივარი მე-19 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა, ამერიკელი გამომგონებელი ოლივერ ევანსის მიერ. თუმცა, მაცივრის თანამედროვე სახე, რომელიც დღეს ყველას აქვს სახლში ეკუთვნის უილიამ ქულენს. პირველი კომერციული მაცივარი ზომით საკმაოდ დიდი, მოცულობითი და ძვირადღირებული იყო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თავდაპირველად ეს მაცივრები მხოლოდ კომერციულ ფართებში – მაღაზიებსა და რესტორნებში ჰქონდათ.
დროთა განმავლობაში, მაცივრის დანადგარი ზომაში შემცირდა, დაიხვეწა, გახდა უფრო ეფექტური და ხალხისათვის ხელმისაწვდომი. მაღაზიებისა გარდა, უკვე სახლებშიც იყო შესაძლებელი მათი ხილვა.
დღესდღეობით, მაცივარი თანამედროვე სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. მაცივრის ევოლუციასთან ერთად კი შეიქმნა მრავალფეროვანი არეალი, სადაც ნებისმიერი მოცულობის, სტილისა და ფუნქციების მქონე დანადგარები არსებობს. მთავარია, იცოდეთ, თავად როგორი გსურთ.
უილის ქერიერმა შეიმუშავა პირველი ჰაერის გამაგრილებელი სისტემა, იგივე კონდიციონერი, რომელიც თავდაპირველად მიზნად ისახავდა ტენიანობის დარეგულირებას წიგნების გამომცემლობაში. აღსანიშნავია, რომ დღეს ეს საყოფაცხოვრებო ნივთი ფუფუნების საგნად ითვლება და გვეხმარება სახლების, ბიზნესების, საავადმყოფოებისა და ლაბორატორიების გაგრილებაში.
1840 წელს ფიზიკოსმა და გამომგონებელმა ჯონ გორიმ წინ წამოწია გამაგრილებელი სისტემის შექმნის იდეა, რომელიც უნდა გამკლავებოდა ქალაქში ჩამოწოლილ გვალვიან ზაფხულს.
გორის სჯეროდა, რომ გაგრილებით კაცობრიობა ხელს შეუშლიდა ისეთი დაავადების გავრცელებას, როგორიცაა მალარია. თუმცა, მის მიერ შექმნილი სისტემა ყინულის კუბების დიდი ოდენობით გამოყენებას საჭიროებდა. იმ დროისათვის კი ყინულის მოპოვება საკმაოდ ჭირდა. ფიზიკური გაგრილების ნაცვლად, გორიმ ხელოვნური გაგრილების იდეა წამოჭრა წინ და შექმნა დანადგარი, რომელიც კომპრესორის ძალის მეშვეობით თავად ყინავდა წყალს.
საბოლოოდ, გორის ქმნილებამ ვერ მოიპოვა სათანადო დაფასება და საწარმოებიც უარს ეუბნებოდნენ მის გამოშვებაზე. თუმცა, უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი პირველი და თანამედროვე გამაგრილებელი სისტემის სწორხაზოვან შექმნას.
როგორც ვხედავთ, თითოეულმა საყოფაცხოვრებო ტექნიკამ თავისებური გზა გაიარა იმისათვის, რომ დღეს პირვანდელი სახისაგან რადიკალურად განსხვავებული, გაუმჯობესებული და ინოვაციური პროდუქტი გამხდარიყო. ონლაინ მაღაზიების მეშვეობით კი დღეს საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, მათ შორის ჯავახეთიდანაც, შეგვიძლია, რომ ჩვენთვის სასურველი ნივთები შევიძინოთ ველი სთორის პლატფორმაზე.
დღეს რთულად წარმოსადგენია ადამიანის ცხოვრება ამ ტექნოლოგიების გარეშე. მეტიც, ჩვენი ცხოვრებისა თუ სახლის უდიდესი ნაწილი, სწორედ ამ ნივთებს უკავია და მათ გარეშე, მარტივად რომ ვთქვათ, გაგვიჭირდებოდა ცხოვრება.