ახალქალაქის ტანსაცმლის ღია ბაზრობის (“იარმარკა”, როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ) გამყიდველები ჩივიან, რომ მათ არ შეუძლიათ თავიანთ ადგილებზე დაბრუნება და ვაჭრობა, თუმცა ამავდროულად, საკუთარი ავტომანქანებით ჩამოსული ვაჭრები, ქალაქის ქუჩებში, ტანსაცმელს და ფეხსაცმელს თავისუფლად ყიდიან.
დღეს ახალქალაქის ტანსაცმლის ბაზრობის გამყიდველებმა Jnews-ის რედაქციას ფოტო გაუგზავნეს, სადაც ჩანს, რომ ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე, ჩამოსული გამყიდველები ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჩუსტებს და სხვა წვრილმანებს ყიდიან.
«თუკი არის შეზღუდვები, ყველას რატომ არ ეხება. ეს უსამართლობაა, ჩვენ შემოსავლის ერთადერთი წყარო დავკარგეთ, ყოველ დღე ველოდებით, როდის დაგვრთავენ სამსახურში გასვლის ნებას. ისედაც გაღიზიანებულები, აქ კიდევ ორი მანქანა დგას და თავისუფლად ვაჭრობს. დილით კიდევ ორი მანქანა ვაჭრობდა ჩვენს ეზოში. ყველა ჩამოსულია, ადგილობრივები არ იყვნენ»,- აღშფოთებულია ტანსაცმლის გამყიდველი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ახალქალაქის ტანსაცმლის ბაზრობის ვაჭარია.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ტანსაცმლის ბაზრობის გამყიდველებმა სამსახურში სიარული დაიწყეს. ზოგიერთს საქონელი ნაწილობრივ გამოჰქონდა, ზოგიერთს ჯარიმის ეშინოდა, თუმცა ბაზრობის ტერიტორიაზე ელოდებოდა, რათა ენახა ვინ როგორ მოიქცეოდა. პოლიციელებმა გააფრთხილეს, რომ ხალხმა არ ივაჭროს, თორემ შეიძლება დააჯარიმონ კიდეც. და დღეს ზოგიერთი გამყიდველი მიდის ტანსაცმლის ბაზრობაზე და ელოდება, რომ საქონელი ამოალაგოს იმ შემთხვევაში, თუ ნებას დართავენ.
ტანსაცმლის ბაზრობის ვაჭტები ითხოვენ, რომ შესაბამისმა ორგანიზაციებმა შეზღუდვასთან დაკავშირებული საკითხები მოაგვარონ. ან თუ აკრძალვაა, მაშინ ყველას აუკრძალონ, ან თუ შესაძლებელია, ყველამ ივაჭროს. ამასთანავე ისინი აღნიშნავენ, რომ ტანსაცმლის ბაზროზე გასახდელი ოთახებიც კი არ არის, ამიტომ ვაჭრობა არაფრით არ განსხვავდება სხვა, საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობისაგან მითუმეტეს, რომ ვაჭრობა ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ორ თვეზე მეტია, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა აიკრძალა. აღნიშნული აკრძალვა 15 ივნისამდე მოქმედებს, თუმცა ქვეყანაში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ შეზღუდვები უფრო მალეც მოიხსნება.