23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი სოფელ მაჯადიასა და ოლავერდის ხეობებს შორის გაყინული იპოვეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში დაკარგული იყო, რის შემდეგაც გარდაცვლილი იპოვეს.
თანასოფლელების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი მაჯადიიდან ოლავერდში ტყით გადადიოდა ხოლმე, იქ მისი ახლობლები ცხოვრობენ.
ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ საღამოს დაიკარგა. სოფელ მაჯადიის მაცხოვრებლებმა მისი ძებნა საღამოს 18:00 საათიდან დაიწყეს. პოლიცია ასევე ჩაერთო ძებნაში. გარდაცვლილი ახალგაზრდა სოფელ ოლავერდის მაცხოვრებლებმა შუაღამით იპოვეს. თვითმხილველთა თქმით, ის გზიდან ტყის პატარა ხევში გადავარდა, საიდანაც ამოსვლა ნამდვილად ძალიან რთულია. გარდაცვლილ ახალგაზრდა მამაკაცს ქვედა კიდურების გამოძრავების პრობლემა ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რომელიც «გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას» ითვალისწინებს.