2023 წლის მეორე კვარტალში აპრილი, მაისი, ივნისი ამავე წლის პირველ კვარტალთან იანვარი, თებერვალი, მარტი შედარებით თითქმის 18 მილიონი ლარით გაიზარდა იმ სესხების მოცულობა, რომლებიც „ლიბერთი ბანკში“ პენსიონერებს ან სხვა სახის სოცდახმარების მიმღებ პირებს აქვთ. მონაცემები „ლიბერთის“ მიერ ეროვნული ბანკისთვის გაგზავნილ ანგარიშგებაშია მოცემული.
თუმცა, ამავე დროს, შემცირებულია სესხების ჯამური რაოდენობაც – პირველ კვარტალში მათი რაოდენობა შეადგენდა 361 817-ს, მეორეში – 360 284-ს.
მცირედით, 0,1%-ით, შემცირებულია საანგარიშო პერიოდში გაცემული სესხების საშუალო შეწონილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 29,8%-დან 29,7%-მდე.
პენსიონერებზე და სოციალური დახმარების მიმღებ პირებზე გაცემულთა სესხების მთლიანმა ოდენობამ, საპროცენტო სარგებლის გათვალისწინებით, პირველ კვარტალში შეადგინა 384 902 801 ლარი, მეორე კვარტალში კი – 402 862 777 ლარი.
სტატისტიკიდან აგრეთვე გამომდინარეობს, რომ 808 ათასი პირიდან, ვინც პენსიას ან სოციალურ დახმარებას იღებს „საქსტატის“ 2022 წლის მონაცემი, სავარაუდოდ, 40 პროცენტს „ლიბერთი“ ბანკში აქვს სესხი.
„ლიბერთი“ ერთადერთი ბანკია, რომელიც საქართველოში პენსიებს გასცემს. 2022 წელს ბანკმა, უკონკურენტოდ, მორიგ ჯერზე გაიმარჯვა ტენდერში. პენსიების გაცემისთვის „ლიბერთი“ სახელმწიფოსგან ყოველწლიურად იღებს 15 მილიონს.
საპენსიო სესხი, რომელსაც ბანკი მომხმარებელს სთავაზობს, საქართველოში პენსიონერებისთვის სტანდარტულთან შედარებით უფრო მაღალ პროცენტში გაიცემა. შარშან მთავრობამ საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ზღვარი 26%-ზე დააწესა.
მანამდე პენსიით აღებული სესხში პენსიონერები 30 პროცენტზე მეტსაც იხდიდნენ. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ „ლიბერთი ბანკი“ საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას სათანადოდ არ ითვალისწინებს სოციალური სესხების მომხმარებელთა განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც ამ პირებს გაუმართლებლად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.