წელს ბილინგვური განათლება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში არა, მაგრამ ნაწილობრივად იქნება შეტანილი. ორენოვანი განათლების საპილოტე პროგრამა ჯერ ახალქალაქის №5 საჯარო სკოლაში იყო აპრობირებული, 1 ოქტომბრიდან კი მუნიციპალიტეტის რიგ სხვა სკოლაში დაიწყება.
არაქართულენოვანი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ საქართველოს ყველა რეგიონში სკოლამდელ დაწესებულებებში და სკოლების დაწყებით კლასებში სახელმწიფო ენის სწავლება ამიერიდან ორენოვანი მოდელით წარიმართება, რაც უნდა ხელი შეუწყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის სწავლების პროცესის გაუმჯობესებას.
ახალქალაქის №5 საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლება მიმდინარე სასწავლო წელს დაიწყება, ვინაიდან პროექტს უკვე იცნობენ. №5 საჯარო სკოლაში ორენოვანი განათლება დადებითად არის შეფასებული და აღნიშნავენ, რომ პროექტი ჯერ ახალია.
ჩაერთვება თუ არა წელს ბილინგვურ განათლების პროგრამაში მე-5 და მე-6 კლასები, ამ საკითხზე სკოლის დირექტორები ჯერ არ არიან ინფორმირებული.
წელს დილისკის №1 სკოლაშიც დაინერგება ბილინგვური განათლება. ამ სკოლაში ჯერ არ იციან ვინ ასწავლის, მაგრამ იციან, რომ მასწავლებლებმა ონლაინ-გადამზადება დაასრულეს და 1 ოქტომბრიდან სკოლაში იქნებიან.
ორენოვანი განათლების პროგრამაში ბარალეთას №1 სკოლაც შედის, თუმცა ამ სკოლის მასწავლებლებს გადამზადება არ გაუვლიათ. სოფელ კოთელიას საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების და ხელოვნების სპეციალისტმაც გაიარა გადამზადება. ასევე არ არიან სპეციალისტები მათემატიკის და „მე და საზოგადოება“ საგნებში. ბილინგვური სწავლება კოთელიას სკოლაშიც ოქტომბრიდან დაიწყება.
ჩამდურის საჯარო სკოლამ უკვე მიიღო ბილინგვური განათლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და ბუკლეტები. თუმცა, მათ არ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის დაიწყებენ სწავლებას ბილინგვური მოდელის გამოყენებით.
სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლაში ორენოვანი განათლება არ შედის, რადგან სკოლას არ აქვს მე-3 და მე-4 კლასები. აღსანიშნავია, რომ ბილინგვური განათლების პროექტში არც პატარა სოფლების სკოლები მოხვდნენ.
აღვნიშნოთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს პროგრამას „სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა ეროვნულ უმცირესობათა სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში“, რომლის მიზანია ეროვნული უმცირესობების სკოლამდელ დაწესებულებებში და სკოლების დაწყებით კლასებში განათლების მიმართ ბილინგვური მიდგომის გამოყენებით სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა.
უკვე დაწყებით საფეხურზე, მე-2 და მე-4 კლასებში, ორენოვანი განათლება ტარდება შემდეგ საგნებში: ხელოვნება (II-IV კლასები), მე და საზოგადოება, ბუნებისმეტყველება (III-IV კლასები). ასევე დაგეგმილია მათემატიკის (II-IV კლასები) და „ჩემი საქართველო“ საგნის (V-VI კლასები) სწავლება ორენოვანი მეთოდით. ორენოვანი საგნების ბაზაზე შემუშავებული რესურსები (მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის) ორენოვანია: ქართულ-სომხური და ქართულ-აზერბაიჯანული.
პროექტი შეტანილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2022-2032 წლების სტრატეგიულ გეგმაში.
აღნიშნულ პროგრამაში ამჟამად დასაქმებულია 110 მასწავლებელი-დამხმარე. ზოგიერთი მათგანი უკვე მონაწილეობს რეგულარულ საგნობრივ მომზადება/ტრენინგებში, ნაწილი კი საგნობრივ მომზადებას გადის და ოქტომბრიდან ჩაერთვება რეგულარულ ტრენინგში.
პროექტის მიზანია ეროვნული უმცირესობების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ბავშვებსა და სკოლის მოსწავლეებს მიაწოდონ საჭირო ცოდნა და უნარები თანამედროვე სოციალურ ცხოვრებაში სრული ინტეგრაციისთვის.