ხორბლის იმპორტი საქართველოში თითქმის 40%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის 7 თვეში იმპორტი 27 მლნ დოლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 19 მლნ დოლარი იყო. ინფორმაციას Galt&Taggart-ი ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვაში აქვეყნებს.
„2023 წლის აგვისტოში ხორბლის ფასი 2.2%-ით გაიზარდა. ხორბლის მიწოდებაში გაურკვევლობა კვლავაც გრძელდება, რაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის და მარცვლეულის შეთანხმების შეწყვეტითაა განპირობებული. ამასთან, 2023 წელს კანადაში, ხორბლის ერთ- ერთ მთავარ მწარმოებელ ქვეყანაში, მოსალოდნელია რომ მშრალი კლიმატური პირობები წარმოების წლიურად 14%-ით შემცირებას გამოიწვევს 2023 წელს. გაზრდილი გაურკვევლობის მიუხედავად, ხორბლის საორიენტაციო ფასები კვლავ 20%-ით დაბალია წინა წელთან შედარებით, რაც განპირობებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში უხვი მოსავლით“, – ნათქვამია მიმოხილვაში.