Jnews-ის რედაქციამ ახალქალაქის რაიონის სოფელი ზაქვის მცხოვრებლებისგან ფოტოები მიიღო. ფოტოების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პოლიეთილენის ბოთლებმა „ნავსადგურს“ მიაღწიეს და „მოლოდინში“ არიან. სოფლის მოსახლეობამ მოგვმართა, რათა შესაბამისმა ორგანოებმა ამ პრობლემის გადაჭრის გზები გამონახონ. ფოტოების მიღების შემდეგ, ახალქალაქის სერვისცენტრი სოფელ ზაქვს ეწვია, რათა ანტისანიტარიული ვითარება გაეცნო.
«თუ შესაძლებელია, ამ პრობლემის გადაჭრის გზები გამონახეთ. ყველა სოფლის ნაგავი სოფელი ზაქვის ხიდამდე აღწევს. ჩვენ გვსურს, რომ ნაგავი აქედან გაიტანონ. ყველა სოფლის ნაგავი წყლის დინებას აქამდე გამოაქვს და აქ გროვდება“,- წერს სოფელი ზაქის ერთ-ერთი მცხოვრები, რომელიც ამტკიცებს, რომ ისინი მდინარეში ნაგავს არ ყრიან, ეს ზემოთ მდებარე სოფლების ნაგავია. იქ იყრება და საბოლოოდ ნაგავი ხიდთან გროვდება.
Jnews-მა ფოტოები ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორს გაუგზავნა იმ მიზნით, რომ გაერკვია, აპირებს თუ არა ცენტრი ტერიტორიის დასუფთავებას.
სერვისცენტრის დირექტორი არმენ ბიჩახჩიანი მაშინვე გამოგვეხმაურა: „გასულ წელს ჩვენ სოფელი ზაქვიდან ნაგავი გავიტანეთ, ჩვენ დავასუფთავეთ მდინარე და მიმდებარე ტერიტორიები, თუმცა ეს სოფელ მერენიის მახლობლად იყო. გავარკვევთ, რომელ ნაწილში დაგროვდა და ამის შესაბამისად, გადავწყვეტთ როგორ მოვიქცეთ“.
ერთი დღის შემდეგ ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორმა შეგვატყობინა, რომ პირადად მივიდა და მდინარესთან დაგროვილი ნაგავი ნახა, იქ ძირითადად პოლიეთილენის ბოთლებია დაგროვილი.
„ახლა აღნიშნულ ტერიოტირიაზე ვიმყოფები, ნაგავი დაგროვდა იმ ადგილას, რომელსაც ადგილობრივები “ჭაობს” უწოდებენ. აქ ტექნიკის შემოყვანა შეუძლებელია, მითუმეტეს ასეთ ამინდში. ნაგავის გატანის ერთადერთი საშუალება ტომრებით გატანაა“,- განმარტა ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორმა არმენ ბიჩახჩიანმა.
აღსანიშნავია, რომ ფოტოები ზაქისა და კოთელიის რაიონებს შორის არის გადაღებული. მდინარე, რომელიც სათავეს სოფელ ბეჟანოში იღებს, მიედინება სოფელი ბეჟანოს, იხტილას, მერენიას, ბარალეთის, ბუღაშენის და ზაქის გავლით. ის უერთდება ახალქალაქში მდინარე თაფარვანს და საბოლოოდ მდინარე მტკვარს აღწევს.
თუ რა რეაგირება მოჰყვება ამ ვითარებას გარემოს დაცვის სამსახურიდან მომდევნო მასალებში წარმოგიდგენთ.