ხილული გამონაბოლქვის გამო საქართველოს მასშტაბით 4 დღეში, ჯამში, 82 მძღოლი დააჯარიმეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში მიაწოდეს. სწორედ აღნიშნული უწყება ახდენს კანონის აღსრულების მონიტორინგს, რომელიც ძალაში 4 სექტემბერს შევიდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მათგან 42 მძღოლი თბილისში, 17-17 ქუთაისსა და ბათუმში, 6 კი რუსთავში დააჯარიმეს. უწყების ინფორმაციით, მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით ჯამში 10 ეკიპაჟი ახორციელებს, რომელთაგან 5 თბილისში, 2-2 ბათუმსა და ქუთაისში, რუსთავში კი 1 გადაადგილდება.

საქართველოს ოთხ ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში ავტოტრანსპორტის ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო. გამონაბოლქვს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გააკონტროლებს.

აღნიშნული ქალაქების ტერიტორიაზე ხილული გამონაბოლქვის მქონე იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, პირველ შემთხვევაში გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარით.

100 ლარით დაჯარიმდება მძღოლი იმ შემთხვევაშიც, თუ ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში, გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმებას თავს აარიდებს, ან შემოწმებაზე უარს იტყვის.

საქართველოს კანონმდებლობით, „ხილული გამონაბოლქვის მქონე იმ სატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომლის მართვაც თბილისის, ბათუმის, ქუთაისის ან რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება და რომლის გამონაბოლქვიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.“

დაჯარიმებიდან თუ 15 დღეა გასული და სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი კვლავ არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს, ასეთ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უკვე 300 ლარით, ხოლო იურიდიულ პირს 1 500 ლარით დააჯარიმებენ.

იგივე სამართალდარღვევისთვის [თუ მეორე დაჯარიმებიდან ასევე 15 დღეა გასული], ფიზიკურ პირს – 600, ხოლო იურიდიულ პირს – 3 000 ლარით დააჯარიმებენ.

„თუ პირს დაჯარიმებასთან დაკავშირებით პრეტენზია ექნება, უფლება აქვს, ავტოსატრანსპორტო საშუალებას, დარღვევის გამოვლენიდან 2 საათის განმავლობაში, თავისი ხარჯით, აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრში ჩაუტაროს ექსპერტიზა და თუ დარღვევა არ დაფიქსირდება, გათავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან“ – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, „ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. ამასთან, „ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეეძლებათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდებზე, ხოლო ჯარიმის გადახდა კი შესაძლებელი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის საშუალებით“.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილები 2023 წლის ივლისში შევიდა და ის 2023 წლის 4 სექტემბრიდან ამოქმედდა.

2023 წლის 4 სექტემბრიდან ამოქმედდა ასევე „სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ნორმა და ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის გზაზე შემოწმების წესი“, რომელიც მთავრობამ პირველ სექტემბერს დაამტკიცა.