პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის ახალი წესი გააცნო, რომლებიც 18 სექტემბრიდან ამოქმედდება. ახალი წესები განსაზღვრავს პარლამენტში შესასვლელი საშვის დაშვებისა და შესვლის პირობების, პარლამენტის სასახლის ვიზიტორთა ქცევის წესს და მისი დარღვევის შედეგებს, ასევე მოსალოდნელი საფრთხის მიხედვით უსაფრთხოების სხვადასხვა დონეს.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, ვიზიტორი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის სასახლეში დაიცვას „სიმშვიდე და წესრიგი“ და „თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას და საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას“. ვიზიტორს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის სასახლეში ტრანსპარანტის გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, აგრეთვე სადემონსტრაციოდ განკუთვნილი მასალის (პლაკატის, ბანერის, წარწერისა და სხვა) გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება.
ახალი წესების თანახმად, ვიზიტორს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე.
ვიზიტორი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის სასახლეში დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისა და საქართველოს პარლამენტის აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატურის მითითებებს. ამასთანავე, წესების თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია დარღვევის სიმძიმისა და მისი გამეორების რისკის შეფასების საფუძველზე განახორციელოს პრევენციული ღონისძიება, კერძოდ, ვიზიტორს შეუზღუდოს საქართველოს პარლამენტის სასახლეში შესვლა 1 წლამდე ვადით.