ქალაქის საათი, ინტერაქტიული ბილბორდი, პლაჟის მოწყობა მდინარე ფარავანზე, სადამკვირვებლო  მოედანი ქალაქ ახალქალაქისკენ მიმავალ გზაზე – ასეთი იდეები ახალქალაქელებმა მერიას შემდგომი რეალიზაციისთვის წარუდგინეს. რომელი იქნება შერჩეული- ჯერჯერობით უცნობია.

ახალქალაქში პროექტი „საზოგადოების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და ყოვლისმომცველი მონაწილეობისთვის“ პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც რიგით მოქალაქეებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტირების პროცესში. პროექტის მიხედვით, ქალაქ ახალქალაქში რეგისტრირებულ ან/და რეალურად მცხოვრებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეძლო შეეთავაზებინა იდეა, რომელიც მიმართული იქნება მუნიციპალიტეტის ზოგადი გაუმჯობესებისკენ. ინიციატივების ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს.
Jnews-მა შეეცადა გაერკვია, რამდენი პროექტი იყო წარმოდგენილი ახალქალაქის მოქალაქეების მიერ. როგორც სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში პროექტის კოორდინატორმა ოლგა ენდელაძემ და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მხარდაჭერის ცენტრის (SCCSF) სამცხე-ჯავახეთში პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნინო რუხაძემ გვაცნობეს, ახალქალაქში და ნინოწმინდაში 4 პროექტი იყო წარმოდგენილი.
ახალქალაქის მერიაში დაადასტურეს, რომ მოქალაქეებისგან 4 განაცხადი შევიდა. ყველა წარმოდგენილი პროექტი ინფრასტრუქტურულია, მათ შორის – ქალაქის საათი, ინტერაქტიული ბილბორდი, კაფეს მოწყობა მდინარე ფარავანთან და სადამკვირვებლო მოედნის მოწყობა ქალაქ ახალქალაქისკენ მიმავალ გზაზე.
რომელ პროექტს აირჩევენ ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პროექტი მოქალაქეების მხრიდან უნდა იყოს არჩეული. ოლგა ენდელაძის თქმით, ჯერ პროექტების განსახილველად საბჭო უნდა გაიმართოს, რის შემდეგაც ვერიფიკაცია მოხდება – მერიის თანამშრომლები ავტორებს უნდა დაუკავშირდნენ და უკუკავშირი მოახდინონ. ამის შემდეგ საერთო კენჭისყრა უნდა გაიმართოს.
პროექტს «HEKS-EPER Georgia» ახორციელებს სამცხე-ჯავახეთის პარტნიორის, ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მხარდაჭერის ცენტრის (SCCSF) მხარდაჭერით.
სამცხე-ჯავახეთში პროექტი სამ მუნიციპალიტეტში: ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ახალციხეში ხორციელდება.
სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების მთავარი მიზანია ქალაქის მართვისა თუ რეგიონის მართვის პროცესებში მოსახლეობის ჩართვა. ეს საშუალებას აძლევს მოქალაქეებს თავად გადაწყვიტონ, როგორ გამოიყენონ და გაანაწილონ ადგილობრივი ბიუჯეტის თანხა.
ახალქალაქში სამოქალაქო ბიუჯეტირების შესახებ ისაუბრეს
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მერიაში სამოქალაქო ინიციატივების წარდგენისას