საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური („საქსტატი“) სექტემბრის ბოლოდან თბილისის მასშტაბით მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებას იწყებს – მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად „საქსტატმა“ რეგისტრატორის ვაკანტურ პოზიციებზე საბუთების მიღება გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოსამზადებელი სამუშაო გულისხმობს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები შინამეურნეობების სიების შედგენას.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდება. აღწერაზე გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, 2024 წელს, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, ასევე დაგეგმილია სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარება. შესაბამისად, დემოგრაფიულ და სოციალურ მონაცემებთან ერთად, შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ.
აღწერის სავარაუდო ბიუჯეტი დაახლოებით 29 მილიონი ლარია (დაახლოებით $10,3 მილიონი).
მოსახლეობის აღწერები ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოში უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა“, მაშინ ქვეყნის მოსახლეობა შეადგენდა 3 713 804 ადამიანს – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.