საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე დღეს გამთენიისას ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა.
რკინიგზის ცნობით, მომხდარის შედეგად, დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა.
საქართველოს რკინიგზის თქმით, შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა მატარებლების მოძრაობის განახლება.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა მეორე ლიანდაგზეც უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება. პარალელურად, მიმდინარეობს ქვათაცვენის ადგილმდებარეობის დათვალიერება და შესწავლა შესაბამისი სპეციალისტების მიერ“ — ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.